Express News

თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლის განცხადებას გამოეხმაურა-„არაპროფესიონალი საჯარო მოხელე პირველ რიგში საზოგადოებას უქმნის პრობლემას“



სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის" ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელ თაზო ფაცაციას განცხადებას გამოეხმაურა მის მიერ პრემიერ-მინისტრის ზუგდიდში ვიზიტთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის აქცენტების შესახებ. თენგიზ ჯგუშიას წერილს „ლაივპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
„2 აპრილს, ზუგდიდში, პრემიერთნ შეხვედრის ორგანიზატორებმა, ადგილობრივი ხელისუფლების მესვეურებმა შეგნებულად გაავლეს წყალგამყოფი საზოგადოებასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ეს შეხვედრა უნდა ქცეულიყო კარგ შესაძლებლობად, უშუალოდ პრემიერთან ერთად, სამუშაო ფორმატში მოსახლეობის ყველაზე აქტუალური პრობლემების განხილვისთვის. ნაცვლად რეგიონში და კონკრეტულად ჩვენს მუნიციპალიტეტში დაგროვილი უმწვავესი პრობლემების განხილვისა, შეხვედრის უდიდესი ნაწილი დაეთმო არასაგნობრივ, მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით არა შედეგზე ორიენტირებულ საუბრებს. შეხვედრაზე დასასწრები კონტიგენტი შეარჩიეს ტენდენციურად და საშვები მისცეს წინასწარ მომზადებულ გამომსვლელებს, რომლებიც შეგნებულად აუქცევდნენ გვერდს არსებულ ყველაზე აქტუალურ პრობლემებს სოციალურ-ეკონომიკურ, სამართლებრივ თუ პოლიტიკურ ჭრილში.

მე გამოვდივარ შექმნილი არასახარბიელო რეალობის და ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტური, საზოგადოების ინტერესების მსახურებას კარდინალურად აცდენილი საქმიანობის მიჩქმალვის და შენიღბვის წინააღმდეგ. არ შეიძლება პრემიერს ელაპარაკო რამდენიმე საათსა თუ დღეში ადგილზევე უსწრაფესად გადაწყვეტად საკითხზე და არ მოსთხოვო მას, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა აუნაზღაუროს ხალხს მისი უნიათობის და არაკანონიერი საქმიანობის გამო მიყენებული უდიდესი ზარალი რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით.

და როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ახერხებენ პრემიერის წინაშე დასაყენებელი საკითხების პრიორიტიზირებას და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური პულსაციის ზუსტად დაფიქსირებას, ასეთი ხელისუფლება ხალხის სამსახურისგან ძალიან შორს დგას.

განვმეორდები და ვიტყვი, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანის თ. ფაცაციას გამოსვლა იყო თავიდანვე ჩაფიქრებული ფარსი. აი რატომ: მან თავი წარუდგინა სტუმრებს აფხაზეთიდან დევნილად და არა ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლად. ასეთ შემთხვევაში, არათუ ქვეყნის პრემიერს, ნებისმიერ მოქალაქეს გაუჩნდებოდა ლოგიკური აზრი, რომ როცა წელიწად-ნახევარი ხელისუფლებაში ხართ და თან გამგეობაში მუშაობთ, - თუ არა უადგილო კეკლუცობა, რა უდგას წინ რამდენიმე ფილის დემონტაჟის, თუ იმ მცირე პერიმეტრის ახლებურ დიზაინში რეკონსტრუირების შესრულებას.

დიახ, სწორედ ამას ვეძახი მე სიცრუეს, სიყალბეს და ფარსს, ხოლო ასეთი მიდგომების საჯარო მოხელეებს ოროსან და გაუნათლებელ არაპროფესიონალებს.

ამასთან ერთად, ჩემი უდიდესი სურვილი და მიზანიც იქნება ყოველთვის, რომ საჯარო სამსახურში საქმიანობა ხელეწიფებოდეთ მხოლოდ განათლებულ, სათანადო კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების პროფესიონალებს, რომლებსაც როგორც მინიმუმ, არ ექნებათ საკითხების პრიორიტეტულობის განსაზღვრის, აზრის სწორად ჩამოყალიბების და რიტორიკის მშობლიურ ენაზე გამართულად წარმართვის პრობლემა.

მაქვს იმედი, რომ უშუალოდ  ფაცაციასთან  პოლემიკაში არშესვლის გამო საზოგადოება ნამდვილად არ დამძრახავს. როტშილდის ცნობილ  საყვარელ ფრაზას გავიხსენებ: „მე ისეთი მდიდარი არ ვარ, რომ იაფი ნივთები ვიყიდო“.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT