2008 წლის ხურჩის ტერაქტის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ მურღულიას განცხადებით, აფეთქება, რომელიც ხურჩაში მოხდა კუდ-ის სამეგრელოს სამმართველოს უფროსის, რომან შამათავას მიერ გასროლილმა ტყვიამ გამოიწვია. ეს განცხადება მალხაზ მურღულიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეზე დაკითხვისას განაცხადა.
„მე და შამათავა წავედით ანაკლიის მიმართულებით, გავჩერდით სტადიონზე. დამანახა ორი ავტობუსი. მითხრა, რომ ამ ავტობუსებს უნდა ესროლო და აფეთქება აფხაზებსა და რუსებს უნდა დავაბრალოთო. ვკითხე, ხალხი რომ არის იქ-მეთქი? ნუ გეშინია, ხალხს გამოვიყვანო. დავათვალიერე ავტობუსი და რომ დავრწმუნდი, ავტობუსი ცარიელი იყო და შამათავამაც რომ გაისროლა, ნიშანი მომცა და მეც გავისრილე. ერთ კვირაში 10 000 ლარი ჩამერიცხა", - აღნიშნა მალხაზ მურღულიამ.
ბრალდების წარდგენის შემდეგ მურღულია ბრალს არ აღიარებდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რის შემდეგაც პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეზე სასამართლო ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვის ეტაპით 16 აპრილს, 15:00 საათზე განახლდება.
ხურჩაში 2008 წელს ტერაქტის განხორციელების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია 21 ოქტომბერს დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ასევე, ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.