დღეს საკრებულოში, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კრწანისის რაიონში სოციალური შემწეობის მიმღებ პირებს, თბილისის საკრებულო დახმარებას არ შეუწყვეტს. მან კრწანისის რაიონის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონის გამგეობის 12 მარტის სხდომის ოქმის გაყალბებაში და ფინანსურ მაქინაციაში დაადანაშაულა და დაამატა, რომ „ხათუნა ბერძენიშვილს შეცდომაში შეჰყავს რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირები“.
_“ამ სხდომის ოქმთან დაკავშირებით, საკრებულოს სარევიზიო კომისია კრწანისის რაიონში იყო შესული და 18-24 მარტის ჩათვლით არსებულ დოკუმენტაციებს იკვლევდა. ერთი კვირის წინ კი მოკვლეული მასალა მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა. 18 მარტის სხდომის ოქმის მიხედვით, საქმე ეხება 359 სოციალურად დაუცველ პირს, რომლებზეც ერთი დღის განმავლობაში, კრწანისის რაიონის გამგებელმა ხათუნა ბერძენიშვილმა საგარანტიო ფურცლები და ფინანსური დახმარება გასცა“-განაცხადა ქავთარაძემ.
საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ამქმედებებს ბერძენიშვილის მხრიდან პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მცდელობად მიიჩნევს, საფუძველს კი უგულავას მხრივ კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატად ბერძენიშვილის დასახელება აძლევს.