9,940 - ეს არის ჯერ კიდევ დაუდგენელი, ოფიციალური ციფრი სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაწეწილი ბიზნესმენებისა. ამის შესახებ ბიზნესმენი ლევან ვასაძე "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ საკუთარ წერილში აღნიშნავს.
ვასაძის თქმით, ზოგი მათგანი ციხეში ჩაგდებით და ზოგიც დაპატიმრების მუქარით აიძულეს, ეჩუქებინათ სახელმწიფოსათვის, სააკაშვილისა და მასთან დაახლოებული პირებისათვის თავიანთი ქონება: აქციები, მიწები, ქარხნები, დაწესებულებები, კომპანიები, სახლები, მანქანები, ფული. ერთი წელი გავიდა და მათგან ერთმა კაცმაც კი ვერ დაიბრუნა საკუთარი ქონება.
"ისევ გვესმის, სახელმწიფოს ამის ფული არა აქვსო. ფული რა საჭიროა იმ აქტივის შემთხვევაში, რომელიც ერთს წაართვეს და მეორეს გადაუფორმეს?! დაუბრუნეთ ძველ მფლობელს, საარბიტრაჟო კომისია მაინც შექმენით, მიწითა და სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი სხვა აქტივებით მაინც გაუკეთეთ ხალხს ნაწილობრივი კომპენსაცია, პროცესის დასაწყისი მაინც დაგვანახეთ! ვინ არ გაიგებს, რომ ამას დრო სჭირდება, ვინ არ გაიგებს, რომ კომპრომისები საჭიროა ყველა მხრიდან? ასე პირში წყლის ჩაგუბება და წაყრუება წელიწად-ნახევრის განმავლობაში როგორ შეიძლება? რა ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს აშენებაზე ვსაუბრობთ ამ ვითარებაში? რა არის საერთოდ ინვესტორი? ოცი წლის განმავლობაში 10 უცხოელი ინვესტორი მაინც ჩამოგვითვალეთ, რომლის უკანაც სინამდვილეში ქართველი არ დგას, რომელმაც მთელ მსოფლიოში იწვალა, წელებზე ფეხი დაიდგა, თავის სამშობლოში კაპიტალი და გამოცდილება ჩამოიტანა, არა იმიტომ, რომ სხვაგან მეტს ვერ იშოვიდა და ქართველზე დაუზარელ და მადლიერ თანამშრომლებს ვერსად იპოვიდა, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე უფრო მას ეს ქვეყანა უყვარს.
და მას აქ დახვდნენ ეს ქართულგვარებიანი მანქურთები, გაწეწეს და ახლა ზოგი პოლიტიკაშია, ზოგი პროკურორია, ზოგი კი უცხოეთში ბაირამობს. ეგ ათი ათასი კაცია თქვენი მესაქმეობის ხერხემალი, ეროვნული ენერგიის ლოკომოტივი და ასე უნდა მიაგდოთ ისინი?! აბა, რისთვის აგირჩიეს?!
მიუხედავად, როგორც უკვე ვთქვით, პირადად ბიძინა ივანიშვილის დიდად დასაფასებელი თავგანწირვისა ქვეყნისათვის, იძულებულნი ვართ, ვაღიაროთ, რომ ახალი ბიუროკრატიის ნაწილმა სუსტად დაიწყო, ხალხის მთავარ მოთხოვნას ყური არ უგდო და ამით საფუძველი ჩაუყარა სრულიად უადგილო და მოულოდნელ უკუსვლას ახალი ხელისუფლების რეიტინგისა და გააჩინა სივრცე პოლიტიკური გვამების რეანიმაციისათვის.
ღმერთმა ქნას, რომ ეს დროებითი მდგომარეობა იყოს და რომ გასული წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და ივანიშვილის მიერ განცხადებული პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სამართლიანობის აღდგენის პროცესმა სისტემური, გააზრებული, კანონიერი და საზოგადოებისათვის გასაგები დინამიკა შეიძინოს. ჩვენი ახალგაზრდა და ენერგიული პრემიერი ჯერჯერობით ამის იმედის ქონის საშუალებას გვაძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული სახელმწიფოს ეფექტური წინსვლა და მშენებლობა მერამდენედ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
ქართულ კულტურაში სამართლის ამ ნაწილს, რომელსაც ჩვენი დისკუსია ეხება, ტყუილად არ ჰქვია სისხლის სამართალი.
ღმერთმა ნუ ქნას, რომ სახელმწიფოს დემონსტრაციული არასისტემური მიდგომის შედეგად გაწამებულმა ადამიანებმა თავად აიღონ ხელში სისხლის სამართლის აღდგენა, მიაკითხონ სახლებში ტელევიზორებიდან ჩვენს დამმოძღვრავ "ნაციონალ"–აქტივისტებს, ჩააკითხონ მათ იდეურ მამებს თუ დედებს ბუდაპეშტებსა და შეერთებულ შტატებში და ადგილზე აგებინონ მათ პასუხი ღირსების აყრისთვის და სიცოცხლის უფლების ჩამორთმევისათვის.
ზოგჯერ გვესმის, რომ "გაფუჭებულ" ყოფილ ტუსაღებს ამის გამბედაობა არ ეყოფათ და რომ საქართველოში კაცი ვერ მოინახება, რომელიც თავს დაიცავს სახელმწიფოს გარეშე. ისინი, ვინც ასეთ აზრს გამოთქვამენ და ვინც ასეთი ახალი ქართველის ჩამოყალიბებაზე ოცნებობენ, არ იცნობენ ჩვენი ერის ხასიათს და ძალიან ცდებიან ამ შეფასებაში. ვშიშობ, თუ ასე გაგრძელდა და სისხლის სამართლის აღდგენა ადამიანებმა თავად დაიწყეს, მაშინ ეს დიდ დარტყმას მიაყენებს საქართველოს სრული ვესტერნიზაციის პროცესს, რომელზეც ასე ოცნებობენ ჩვენი ლიბერასტები, მაგრამ ასევე იგი დიდად დააზიანებს ქართული სახელმწიფოს განვითარებას, რაზეც ასე ოცნებობს ყველა მამულიშვილი",- აცხადებს ლევან ვასაძე.