პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეწინააღმდეგება, მხარს დაუჭერს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ მისი პირადი შეხედულება შეიძლება განსხვავებული იყოს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აღნიშნავს, რომ ერთი საკითხია მორალური ღირებულებები, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს, და მეორე საკითხია სამართლებრივი საკითხი:
"ძალადობის და ჩაგვრის წახალისება არ მგონია უმრავლესობის ინეტერესებში იყოს. ჩვენი საზოგადოება არის ტოლერანტიც, შემწყნარებელიც და სწორედ ამაზე დგას ქრისტიანობა და არა მარტო ქრისტიანობა. რაც შეეხება ტერმინებს, რაც არ უნდა ჩაიწეროს კანონში, ის ყველას შეეხება და დაუშვებელია ამ ადამიანების ჩაგვრა. ვინაიდან ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში ასე არის ფორმულირებული და ევროსასამართლო თავის გადაწყვეტილებებში განმარტავს იგივე ანტიდისკრიმინაციული მუხლისა ევროკონვენციის, სადაც, რა თქმა უნდა, სექსუალური უმცირესობაც მოიაზრება. ჩვენც თუ გვინდა ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ვალდებული ვართ ევროპული სტანდარტი დავიცვათ. საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ ჩვენ ამით რაღაცის პროპაგანდას ან წახალისებას ვახდენთ."
მისივე თქმით, ეკლესია თავად ამბობს, რომ მათი მთავარი ღირებულება შემწყნარებლობა და ტოლერანტობაა:
"ძალიან ბევრი ცოდვილი ადამიანი ბევრჯერ მივა კიდევ ეკლესიაში და მამაოს ეტყვის რა ჩაიდინა, მაგრამ მამაო ამას შეუნდობს და ეს ეკლესიის შიდა საქმეა. თუ არ შეუნდობს, ესეც ეკლესიის საქმეა. სახელმწიფო ცალკეა, ეკლესიას თავისი წესრიგი აქვს. ღმერთმა ნუ ქნას, თუკი ეკლესიას თავისი ფუნქცია არ ექნება და ღმერთმა ნუ ქნას, თუკი ეკლესია იმას არ იქადაგებს, რაც სწორია კანონიკური სამართლით, მაგრამ ერთია კანონიკური სამართალი და მეორეა სახელმწიფო სამართალი, ერთია მორალი, ზნეობა და ცოდვა, მეორეა სამართალი."
კობახიძე კანონპროექტს მხარს უჭერს:
"შეიძლება ძალიან არაპოპულარული იყოს, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, მე მხარს ვუჭერ ამ კანონს. ვთვლი, რომ ამ ადამიანების ჩაგვრა არ შეიძლება და მათ აქვთ უფლება, რომ კანონის წინაშე თანასწორი იყვნენ და ყველა უფლებით ისარგებლონ, რაც მოქალაქეებს გააჩნიათ. რაც შეეხება ჩემს პირად შეხედულებებს, ეს ჩემი პირადი საქმეა. პოლიტიკოსი რომ არ ვიყო, უფრო ღიად გავაკეთებდი განცხადებას, მაგრამ პოლიტიკოსს მაინც ეზღუდება გამოხატვის თავისუფლება რაღაც ფარგლებში იმის გამო, რომ ვიღაცის უფლება არ ჩაითვალოს შელახულად, მე თავს შევიკავებ პირადი შეხედულებების გამოხატვისგან."