პოლონური ოპოზიციური პორტალი wPolityce სტატიას აქვეყნებს და წერს გამოძიების დეტალებზე, რომელიც 2010 წლის აპრილში სმოლენსკთან მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.
სტატიაში „დოქტორი შულაძინსკი: „განცხადებები, რომ თვითმფრინავი მიწაზე დაცემისას დაიმსხვრა, ბავშვურია“ (Dr Szuladziński: «Mówienie, że TU-154M rozprysnął się pod wpływem uderzenia w ziemię to dziecinada») პორტალი აქვეყნებს ინტერვიუს ცნობილ ამერიკელ სწავლულთან დოქტორ გჟეგოჟ შულაძინსკისთან, რომელშიც ის ამბობს:
„ყოველკვირეულ «wSieci»-ს ბოლო ნომერში მე გავეცანი არქეოლოგების დასკვნებს, რომლებიც მათ თვითმფრინავის 20 ათასზე მეტი ნამსხვრევის შესწავლის შემდეგ დადეს. სხვათა შორის, ეს ნამსხვრევები მხოლოდ კუტუზოვის ქუჩაზე იყო ხელმისაწვდომი, რადგან არქეოლოგებს არ დართეს ნება, მიწაზე თვითმფრინავის დაცემის ადგილას ემუშავათ.
ეს ნამსხვრევები საკმარისია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ: ნამდვილად აფეთქება მოხდა და ოფიციალური ვერსია, რომ თვითმფრინავი მიწაზე დაცემის გამო დაიმსხვრა, არასწორია. ელემენტარულად, აფეთქება რომ არ ყოფილიყო, თვითმფრინავის ნამსხვრევები ამხელა მანძილზე არც გაიფანტებოდა, რამხელაზეც ისინი იპოვეს“.
ამერიკელი ექსპერტი და სწავლული სხვა დეტალებზეც ამახვილებს ყურადღებას და დაწვრილებით აღწერს იმ უზუსტობებს, რაც ოფიციალურ ვერსიაშია დაშვებული.
წყარო http://wpolityce.pl