საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იზიარებენ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მან გუნდთან შეუთანხმებლად მიიღო გადაწყვეტილება და პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა. „საჭიროა, რომ გარკვეული საკითხები გუნდთან იყოს გავლილი და შეთანხმებული. იმიტომ, რომ რადგან ერთხელ ითქვა გადაჭრით, რომ პრეზიდენტი არ შევა სასახლეში, შემდეგ უკვე განსხვავებული მიდგომები იწვევს გარკვეულ კითხვებს, ამიტომ მე ვიზიარებ ბატონი ბიძინას პოზიციას, რომ ამ ყოველივესთან მიმართებაში საჭიროა უფრო მეტი სიცხადე, რეალურად იქნება თუ არა ეს პრეზიდენტის რეზიდენცია, თუ არ იქნება“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით პრეზიდენტის მრჩევლად ვანო მაჭავარიანის დანიშვნა საჭირო არ იყო, მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ რიგებშიც არანაკლებად კომპეტენტური პირები არსებობენ:
„ჩემთვის ეს იყო ცოტა გასაკვირი და ცოტა გულდასაწყვეტი, იმიტომ, რომ მიმაჩნია, ძალიან სერიოზული და ძალიან ძლიერი კადრები ჰყავს ქართულ ოცნებას, ქართულ საზოგადოებას და მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დამოკიდებული კადრებით დაკომპლექტება პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურების, ჩემი აზრით მიღებული არ იყო. იმედგაცრუებულზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ამას მომავალი დაგვანახებს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
წყარო fmabkhazia.com