Express News

პროკურატურამ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ყოფილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა


სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით პირის დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, დაკავებულია შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ყოფილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ემზარ მაისურაძე. 

ასევე, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროს-გამომძიებელს გელა ნაროუშვილს და მოქალაქე ოთარ მოვსესიანს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის მარტში ემზარ მაისურაძემ და გელა ნაროუშვილმა, ოთარ მოვსესიანისა და სხვა პირების დახმარებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობის ხელისშეშლის და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი აქტიური წევრი, სერგო ჩაჩიბაია, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უფლებამოსილების გადამეტებით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, კონფლიქტური სიტუაციის ინსცენირების შედეგად, უკანონონოდ დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით ე.მაისურაძემ თანმხლებ პირებთან ერთად განზრახ დააზიანა სამსახურებრივი ქურთუკი და პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანის სავარძელი, რაც შემდეგში სერგო ჩაჩიბაიას მიერ, თითქოსდა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთი მტკიცებულება გახდა. სერგო ჩაჩიბაია კი, პასუხისგებაში სსკ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიეცა და სასჯელის ზომად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 156-ე მუხლით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 369/1-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


newspress.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT