დღეს საძირკველი ეყრება ეროვნული მნიშვნელობის მშენებლობას - რუხში რეგიონალური მნიშვნელობის საავადმყოფოს მშენებლობას ვიწყებთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუხში, საავადმყოფოს მშენებლობის გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას.
პრემიერის განმარტებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების კლინიკის პროექტი, რომელიც მთელ რეგიონს მოემსახურება, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მრავალპროფილიანი, 220 საწოლზე გათვლილი კლინიკის კორპუსებთან ერთად აშენდება სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი, სადაც მოთავსდებიან რეზიდენტები და პაციენტთა ნათესავები, აგრეთვე მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა.
„პროექტის ღირებულება 40 მილიონ ლარს აჭარბებს. ამ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის სერიოზულად გააუმჯობესებს სამეგრელოსა და მიმდებარე რეგიონებში სამედიცინო მომსახურებას და, რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთთან დააკავშირებს ენგურის ორივე მხარეს. აქ მკურნალობას შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები, რომლებსაც ყველა იმ სიკეთით სარგებლობა შეეძლებათ, რასაც ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი, დევნილები; ხოლო საავადმყოფოს ამოქმედების შემდეგ მათი დიდი ნაწილი გაივლის გადამზადებას და კლინიკის სხვადასხვა პერსონალის პოზიციებზე იმუშავებს.
„ჩვენი ვარაუდით, საბოლოოდ კლინიკაში დასაქმდება დაახლოებით 600 ადამიანი, სამედიცინო, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით. ეს იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროც", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და განმარტა, რომ მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებს მთავრობა ეტაპობრივად აგვარებს.
მთავრობის მეთაური სიტყვით გამოსვლისას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც შეეხო და განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შენდება ამბლატორიები, რათა მკურნალობა ყველასთვის მისაწვდომი გახდეს.
„ამ საავადმოყოფოს მშენებლობაც ჩვენი მთავრობის ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილია. ამიტომ გპირდებით, პირადად ვადევნებ თვალყურს მშენებლობის პროცესს, რათა დაცული იყოს ყველა სტანდარტი და მშენებლობა დათქმულ დროს დამთავრდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რუხში, საავადმყოფოს მშენებლობის გახსნის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.
აფხაზეთში ე.წ არჩევნები თავიდანვე არალეგიტიმურად იყო ცნობილი, შესაბამისად, ამაზე ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაური ბრიუსელის რეკომენდაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავი უნდა შეიკავონ და განმარტა, რომ საქართველოს ევროკავშირისგან მსგავსი შეტყობინება არ მიუღია.
„ეს ეხება მსხვილ ექსპორტიორებს, საქართველო არ არის მსხვილ ექსპორტიორთა შორის, შესაბამისად ეს ჩვენს ქვეყანაზე არ აისახება. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ჩვენი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქცია გავყიდოთ ყველგან, მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ბაზრის დივერსიფიკაცია", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრის შესახებ და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობასთან ასეთი მჭიდრო კონტაქტი ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ყოფილა.
„მოკლე პერიოდში მე ორჯერ ვიმყოფებოდი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში და პირველად 10 წლის მანძილზე მივიღეთ დასტური, რომ მომავალ წელს შედგება ქალბატონი კანცლერის ვიზიტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუხში რეგიონალური მნიშვნელობის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობის მნიშვნელობას და განმარტა, რომ აღნიშნული ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს კომპლექსი მოემსახურება არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ ჩვენს აფხაზ ძმებს. ეს არის მრავალპროფილიანი საავადმყოფო, რომელიც მაღალკვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტდება. ამასთანავე, ჩემი ინიციატივით, რეგიონში ვიწყებთ მულტიფუნქციური სავაჭრო კომპლექსის მშნებლობას, რომელიც ასევე მოემსახურება არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ ჩვენს აფხაზ ძმებსაც. მიმაჩნია, რომ ეს ორი გრანდიოზული პროექტი იქნება მნიშვნელოვანი გამაჯანსაღებელი ამ რეგიონისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.