სენაკის ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 30 წუთზე მეტია სახანძრო სამსახური მუშაობს, ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ადგილზე მობილიზებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურის ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამდროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.სენაკის გამგებლის, გოჩა დგებუაძის განცხადებით, ბაზრის ტერიტორია თითქმის მთლიანადაა განადგურებული. მისი განმარტებით, დამწვარია მაღაზიები, გასაყიდი საქონელი, აფთიაქი და სტომატოლოგიური კაბინეტი. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან მოვაჭრეები. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. სენაკის ბაზრის დიდი ნაწილის მფლობელი პოლიტიკური კოალიცია "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" წევრი, მურად შამათავაა. ის შემთხვევის ადგილზე ჯერ არ გამოჩენილა. სახანძრო სამაშველო სამსახური მუშაობას ამ წუთებშიც განაგრძობს. სენაკის ბაზართან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.