Express News

15 სექტემბრიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით აქტიური მოქმედებები იწყება


გაზეთი "ალია", გელა ზედელაშვილი

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაფუძნდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ახალი რეალობისთვის". დამფუძნებლები არიან: მწერალი მერაბ შათირიშვილი, მომღერალი ციური მჭედლიძე, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი თემურ ლომსაძე, "საქწიგნის" დირექტორის მოადგილე ლია მეტრეველი და სხვები. ეს ის ორგანიზაციაა, რომლის შექმნაც მერაბ შათირიშვილმა გადაწყვიტა "ქართული ოცნებიდან" წამოსვლის შემდეგ. როგორც თავად შათირიშვილი ამბობს "ალიასთან" საუბარში, საზოგადოება "ახალი რეალობისთვის" 15 სექტემბრიდან გააქტიურდება.

- 15 სექტემბრისთვის იქნება ფართომასშტაბიანი შეკრება ჭადრაკის სასახლეში. სწორედ იქ გადავწყვეტთ, რა ფორმით მოვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. შეიძლება ეს "ნაციონალურ მოძრაობას" არ აწყობს, მაგრამ ვფიქრობთ, ქართველ ხალხს ასეთი მოთხოვნა ნამდვილად აქვს.
- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არც უმრავლესობას აწყობს. 
- ეგ გასაგებია, მაგრამ, თუკი უგულავები, ახალაიები, მერაბიშვილები ციხეში არიან, თუკი "ნაცმოძრაობის" დამფუძნებლებისა და სულისჩამდგმელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, მაშინ კიდევ ორი წელი რატომ უნდა ვითმინოთ ის მარაზმი, რაც დღეს ხდება? ასეთი რევანშისტული დაძაბულობა, რასაც ვითომ მეორე პოლიტიკური ძალა აკეთებს, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. პარლამენტში უნდა იწერებოდეს კანონები და იყოს ჯანსაღი კამათი და არა მტრული განწყობა. როცა ორი ძალა მტრულადაა განწყობილი, აქედან ქვეყანა ვერ იხეირებს, ჩვენ უკვე კატასტროფისკენ მივდივართ. ჩვენ ვამბობთ, თუკი სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, მაშინ ასევე უნდა გასამართლდეს მის მიერ შექმნილი კრიმინალური ორგანიზაცია. ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იყო დემოკრატიული, ჩვენ "ნაციონალების" მიერ გაყალბებული არჩევნები იძულებით ვაღიარეთ, რომ შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე. დაუკვირდი, უმრავლესობის წევრები მუდმივად თითს იშვერენ "ნაციონალებისკენ" და გაიძახიან: თქვენ კლავდით, თქვენ ხოცავდით ადამიანებს ქუჩაში, თქვენ იპარავდით, თქვენ ათასგვარ სიბინძურეს სჩადიოდით! კი, მაგრამ როცა შენ ამ მკვლელებთან და ქურდებთან ერთად ზიხარ, მაშინ რა გამოდიხარ, თანამზრახველი? ეს არის ნონსენსი, ასე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. საზოგადოებაში უკვე მომწიფებულია აზრი, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუ ხელისუფლება არ წამოვა ამაზე, მაშინ მოხდება ლუსტრაცია და გავიგებთ, რომ ზოგიერთს ქართველი ხალხის დამშვიდება და დასვენება არ სურს. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია, ზოგი დაპატიმრებულია, უკვე დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა კოლექტიურ დანაშაულებს, ახლა ამიხსნას ვინმემ, რატომ უნდა ისხდნენ დამნაშავეები და მკვლელები პარლამენტში? ვადამდელი არჩევნების ჩატარება იოლი არ არის, ამ პროცედურას დაახლოებით 6 თვე მაინც სჭირდება.
- აი, შენ თვითონ ამბობ, 6 თვე მაინც სჭირდებაო. ალბათ, უფრო მეტი დასჭირდება, სადღაც 12 თვე. გარდა ამისა, ვიმეორებ, ამას არ გააკეთებს თვითონ საპარლამენტო უმრავლესობა. თუკი ამ პროცედურებში 1 წელი გავა, შემდეგ არჩევნებამდე რაღა რჩება?
- ქართველმა ხალხმა ერთი თვეც არ უნდა გადადოს. მოდი, თავი დავანებოთ "ნაციონალებს", ეს პარლამენტი ხმას არ იღებს და არც შესაბამის კანონებს ამუშავებს მაშინ, როცა ჩვენი ბაზარი მიაქვს თურქულ და ირანულ საქონელს. მე ადამიანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ საქართველოში ძალიან ბევრი შემოდის აზიური ქვეყნებიდან და ამ დროს ქართველები საკუთარი სამშობლოდან გარბიან. ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, ვინ უნდა იყოს მოქალაქე და ვინ - არა. უამრავი რამ არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი, უამრავი რამ არის შესაცვლელი, მაგრამ არ კეთდება. ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ დაპირისპირებას, მუქარას, ლანძღვა-გინებას და ასე შემდეგ, ეს არის საქმის კეთება?
- მერაბ, ხომ არ დაემსგავსება თქვენი საქმიანობა წყლის ნაყვას? ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იქნებაო. დარწმუნებული ხარ, რომ რამეს მიაღწევთ?
- დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ყველაფერს პასუხი გაეცემა და გამოჩნდება, ვინ ვინ არის. საზოგადოება იმასაც გაიგებს, ხელისუფლებას რამის შეცვლა უნდა თუ არა. ჩვენ არავის არ ვუპირისპირდებით, არავის არ ვეუბნებით, გადადექი და ჩვენ მოვალთო. არავის არაფერში არ ვეცილებით, ხალხს მოვუწოდებთ, რომ უფრო მეტი გააქტიურებაა საჭირო, ქვეყანაში უნდა შეიცვალოს პოლიტიკური ვითარება. თუ ხელისუფლება ვერ შორდება დამნაშავეებს და პარლამენტში ისევ ამ მკვლელებთან ზის, მაშინ საზოგადოება აიღებს პასუხისმგებლობას და მათ მოაშორებს პოლიტიკური ველიდან.
უამრავი საკითხი გვექცა პრობლემად, ამ ყველაფერს თანდათანობით დავალაგებთ. მაგალითად, ბრიტანეთის მოქალაქე რომ გახდე, უნდა იცოდე ამ ქვეყნის ისტორია, ენა, ტრადიციები და ასე შემდეგ. ახლა დაუმატებიათ, სამი ინგლისელი პოეტის ნაწარმოებებიც, ერთი მათგანი არის შექსპირი. ჩვენ დღეს მოქალაქეობას ვაძლევთ ადამიანებს, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით, საიდან მოვიდნენ და რა უნდათ. ქართული ენა კი არა, იმას ვერ აგებინებენ, სად არიან შემოსულები. ჩვენი კანონმდებლობა ამ ქვეყანაში იცავს ყველას, გარდა ქართველისა. გამოდის, ჩვენ ვიჩაგრებით საკუთარ სამშობლოშიც და უცხოეთშიც. რამდენიმე დღის წინ თურქეთში ბოლნისელი ბიჭი მოკლეს, შაურმის გამყიდველთან შეკამათება მოუვიდა, დაეხვივნენ თურქები, გადახტა რაღაც სიმაღლიდან, გაქცევა უნდოდა და იქვე გააფრთხო სული. ვინმემ ამის გამო პასუხი მოითხოვა, ან ვინმე დაისაჯა? აბა, ერთი ცოტა მკაცრად უთხარი რამე საქართველოში უცხოელს, ისევ შენ დაისჯები. ამ ყველაფერს მიხედვა უნდა, მაგრამ ამ პარლამენტის პირობებში არაფერი გამოვა, ესენი დადიან, დასეირნობენ, თან იძახიან, დღე და ღამე ვმუშაობთო. თუ მუშაობენ, გაკეთებული საქმეც უნდა ჩანდეს. სამწუხაროდ, ქართველი ხალხი ამას ვერ ხედავს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.   
- მერაბ, შენამდე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვდნენ სხვებიც, მაგალითად, გია გაჩეჩილაძე, შალვა ნათელაშვილი, თემურ შაშიაშვილი, ჯონდი ბაღათურია, სოსო ჯაჭვლიანი, თანახმა იყო მანანა კობახიძეც და ასე შემდეგ. რომელიმესთან კონსულტაციები გქონდა, დაელაპარაკე რომელიმეს, რომ ერთობლივად იმოქმედოთ?
- არა, ჩვენ არავის არ დავლაპარაკებივართ, მით უმეტეს, პოლიტიკოსებს. ჩვენ ამ მოძრაობას ვიწყებთ საზოგადოების წიაღიდან. პირადად მე არ მინდა, პოლიტიკოსების მხრიდან დავიწყო ეს აქციები, როგორც კი პოლიტიკოსები დაიწყებენ ლაპარაკს, ეგრევე მოგვაკერებენ ათასნაირ იარლიყს, დაიწყება შემოგდებები, ინტრიგები და ასე შემდეგ.
- შემოგდებები და ინტრიგები ისედაც არ გაჭირდება... თუკი პოლიტიკოსები შემოგიერთდებიან, უარს იტყვით?
- შემოგვიერთდნენ, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, პარტიებზე უარს ვამბობთ. ეს მოთხოვნა უნდა გახდეს საზოგადოებრივი, ხალხმა გადაწყვიტოს ყველაფერი.
- მოთხოვნებს რა ფორმით წამოაყენებთ, მონახაზი მაინც გაქვთ? ქუჩაში გამოხვალთ თუ მხოლოდ განცხადებებს გააკეთებთ?
- როცა რა იქნება საჭირო, იმას გავაკეთებთ, ეს ხალხის აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. განცხადებებიც იქნება, ქუჩაში გამოსვლაც იქნება, ერთჯერადი აქციებიც იქნება და ასე შემდეგ. ეგ მეც ვიცი, რომ ჩვენამდე ბევრმა მოითხოვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ეს იყო მხოლოდ განცხადებების დონეზე და ამას აკეთებდნენ მხოლოდ ცალკეული პიროვნებები, ახლა ეს იქნება ორგანიზებული საზოგადოების მხრიდან. 

http://www.alia.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT