"მოდულის" შენობაში გიგი უგულავასთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს
ე.წ. მოდულის შენობაში ამ წუთებში გიგი უგულავასთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. როგორც მოდულში შესვლამდე ჟურნალისტებს გიგი უგულავას ადვოკატმა გიზო უგლავამ განუცხადა , ბრალდების შინაარსი და კვალიფიკაცია მისთვის უცნობია. მისივე თქმით, კვლავ პრობლემაა მტკიცებულებების გაცნობის კუთხით.
"ბრლადების შინაარსი და კვალიფიკაცია ჩემთვის უცნობია. ვნახოთ, რა ბრალდება იქნება და რა კვალიფიკაციის. მტკიცებულებების გაცნობის კუთხით ჩვენთვის კვლავ პრობლემაა. როგორც კი დააკავეს, შეგვიზღუდეს მასთან შეხვედრა და ამით დაარღვიეს მისი დაცვის უფლება. დაკავების წუთიდან ვითხოვდით, ვენთვის გადმოეცათ მასალები. ეს მასალები ღამის 01.00 საათზე გადმოგვცეს. 20-25 წუთის წინ კი დამირეკეს და მითხრეს, რომ სასწრაფოდ შედიოდნენ გიგი უგულავასთან ბრალდების წარსადგენად. აქედან გამომდინარე, ყველანაირად ცდილობენ, რომ არ გვქონდეს მასალების გაცნობის, მომზადების საშუალება. ცდილობენ, რომ ფორსირებულად წარუდგინონ ბრალი უგულავას", - განაცხადა ადვოკატმა.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. დაკავების მიზეზად უკანონო შემოსავლების ლეგალიზება სახელდება. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, გიგი უგულავას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.