Express News

გიგი უგულავა თავს გრძნობს მხნედ და აცხადებს, რომ ბრძოლას განაგრძობს


გიგი უგულავა მოდულის შენობაში ჯერ არ დაუკითხავთ, - ამის შესახებ გუშინ, გვიან საღამო მოდულიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 
სახალხო დამცველის თქმით, იგი პირადად შეხვდა გიგი უგულავას და გაესაუბრა. ომბუდსმენის ინფორმაციით, უგულავა თავს გრძნობს მხნედ და აცხადებს, რომ ბრძოლას განაგრძობს. ნანუაშვილის თქმით, მასთან საუბრისას უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს და მის დაკავებას პოლიტიკას უკავშირებს.
"მოპყრობაზე და პირობებზე მას არანაირი საჩივარი და პრეტენზია არ აქვს. ამბობს, რომ არის ნორმალურ პირობებში, თუმცა ბრალდებებს უარყოფს. ჩვენ ვიწყებთ საქმის შესწავლას. ასევე შევხვდით მის ადვოკატს, რომელიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა იზოლატორში", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაესწრება სასამართლოს სხდომას, რომელიც გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. 
ომბუდსმენის ინფორმაციით, გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა იგი იქ არ დაუკითხავთ, შესაბამისად, მასთან არც ადვოკატები ყოფილან შესული. მისივე ცნობით, უგულავა მოდულის შენობაში გუშინ 09:00 საათიდან იმყოფება. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT