Express News

შემაშფოთებელი სტატისტიკა: საქართველოში, ბოლო სამ თვეში - 14 ქალბატონი მოკლეს



მორიგი მკვლელობა... რატომ მოკლა 1967 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი ჯიმშერ ა-მ საკუთარი ცოლი? ამ კითხვაზე პასუხს გაცემა გამოძიებას მოუწევს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ჯიმშერ ა-მ მიმდინარე წლის 1 ივნისს, ღამით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1967 წელს დაბადებულ ლუდა გ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალბატონის გარარჩენა ვერ მოხერხდა.
„სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს ხარაგაულის რაიონში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)“,- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სამი თვის განმავლობაში, ქალის მკვლელობის ეს უკვე მე-14-ე შემთხვევაა.
მიმდინარე წლის 22 მაისს მთელი საქართველო შეძრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურის ტრაგედიამ. ქმარმა ჯერ ცოლი - 8 შვილის დედა მოკლა, მეცხრე შვილზე ფეხმძიმე დედა მცირეწლოვანმა შვილებმა საძინებელში ცულით ყელგამოჭრილი იპოვეს.
მოგვიანებით პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხეზე ჩამომხრჩვალი ნახა. ოჩხამურში დატრიალებული სისასტიკის გამომწვევ ოფიცალურ მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. მეზობლები მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ.
ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა 36 წლის ქალბატონის მკვლელობა,  8 მარტს თბილისში ყოფილმა მეუღლემ 2 შვილის დედა დანით რამდენიმე ჭრილობის მიყენებით მოკლა.
ზუსტად 6 დღის შემდეგ თბილისში 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა ახალგაზრდა ქალბატონი, გულმკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. ქალბატონი გარდაიცვალა.
15 მარტს კი ქუთაისის ერთ-ერთ მარკეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქმარმა ცოლი გამოასალმა სიცოცხლეს. პოლიციამ მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავა.
ორგანიზაცია "იდენტობის" მონაცემებით, 19 მარტს მარნეულში მამაკაცმა მეზობელი გოგონა მოკლა და ცხედარი გადამალა; კახეთში კი 17 წლის გოგონამ თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. თვითმკვლელობის მიზეზად არასასურველი ქორწინება სახელდება.
თამარიანის მოსახლეობა 20 მარტს მომხდარმა მკვლელობამ შეძრა.  სოფელში 17 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. პოლიციამ გოგონას მკვლელობის ბრალდებით, მისივე მეზობელი 51 წლის  მამაკაცი დააკავა.
16 აპრილს საჩხერეში 19 წლის გოგონამ თავი მოიკლა მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ. სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული; 23 აპრილს ორხევში მცხოვრებ 72 წლის მაღაზიის გამყიდველს ყელი გამოჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 1942 წელს დაბადებული ლიანა ბ, პატრულის თანამშრომელმა დილით იპოვა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში ნასამართლევი ზაზა გ. პოლიციელებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
იმავე დღეს თერჯოლაში ახალგაზრდა მამაკაცმა დედა ბლაგვი საგნით მოკლა.
თბილისში, წერეთლის გამზირზე  კი მიმდინარე წლის 28 აპრილს ხანში შესულმა მამაკაცმა გერი გოგონა მოკლა.
მეზობლების ინფორმაციით,  მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა. მეზობლები ამბობენ, რომ  გოგონამ და მამინაცვალმა იჩხუბეს, კონფლიქტის მიზეზები კი მათთვის უცნობია.
15 მაისს კი ყოფილმა მეუღლემ  27 წლის ქალი და მისი შვილის დედა სასიკვდილოდ გაიმეტა. იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელ სოფოს, რომელიც „დამპალოს“ დასახლებაში ოჯახთან ცხოვრობდა ყოფილმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 24 ტყვია დაახალა,  მისი ძმა კი დაჭრა.
22 მაისს ადიგენში, მამაკაცმა, ავთანდილ ხ-მ ნასესხები ფულის გადაუხდელობის გამო, 1960 წელს დაბადებული მერი ა-ს ცივი იარაღით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.




About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT