Express News

4 გოგონა და 9 წითელი ვარდი - ბარამიძეს ხარჯებს უქვეყნებენ



გაზეთ "ვერსიის" ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2011-2012 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემოწმება დაასრულა და მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის - გიორგი ბარამიძის სკანდალური ხარჯები გამოავლინა. ანგარიშში ასახულია გიორგი ბარამიძის მიერ, საკუთარი ბრძანებით, კანონდარღვევით, გამოწერილი პრემიები, მივლინებები საქართველოს სახელით აშშ-ში, გერმანიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, უნგრეთში, მოლდოვასა და ბელგიაში, იქ სპა-სალონებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრებში მასაჟებისთვის ბიუჯეტიდან გახარჯული ათასობით ლარი; კიევის ღამის ბარებში ნაყიდი 9 ცალი წითელი ვარდი და სხვა ყველა იმ ფაქტის ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აპარატის მუშაობა უარყოფითად შეაფასა. "ვერსიამ" ვერ გაარკვია, რა ვადებში გადაეცემა შემოწმების მასალები პროკურატურას და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდიუმი. შესაბამისი სამსახურები ბალანსის შესადგენად სახაზინო პროგრამას იყენებდნენ. აღრიცხვიანობის უქონლობის გამო, როგორც აპარატში, ასევე ცენტრში, ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე, ეფექტური კონტროლი არ ხორციელდებოდა. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ქვეთავი გახლავთ მივლინების ხარჯები. 2011-2012 წლების საანგარიშო პერიოდებში, აპარატმა "მივლინების" ქვემუხლით, 988 200 ლარი გახარჯა. მათ შორის, 2011 წელს, ქვეყნის შიგნით - 26 917 ლარი, ქვეყნის გარეთ - 486 037 ლარი, ხოლო 2012 წელს, ქვეყნის შიგნით - 36 506 ლარი, ქვეყნის გარეთ - 438 838 ლარი. ქვეყნის შიგნით მივლინებების დროს, მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე დანამატების გაცემის ფაქტებიც დაფიქსირდა, რასაც საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N231 ბრძანებულება არ ითვალისწინებს. როგორც გაზეთი "ვერსია" წერს, ქვეყნის ფარგლებსგარეთ მივლინებისას, შესაბამის ბრძანებებში განსაზღვრული არ არის მივლინების მიზანი და აუცილებლობა, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მიწვევები წარმოდგენილი არ არის, რაც ვიზიტის მნიშვნელობასა და საჭიროებას დაადასტურებდა. მივლინებულ პირებს, მივლინების პერიოდში განხორციელებული შეხვედრებისა და ვიზიტის ფარგლებში გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში არ წარუდგენიათ. "მივლინების" ქვემუხლით, ზოგიერთ თანამშრომელზე აპარატის მიერ ხშირად ისეთი ხარჯებია დაფინანსებული, რომლებიც არაადეკვატურია სახელმწიფო დაწესებულების მიზნებთან. მაგალითად, აშშ-ში, გერმანიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, უნგრეთში, მოლდოვასა და ბელგიაში, სპა-სალონებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრებში მასაჟებისთვის ბიუჯეტიდან 6 200 ლარი გახარჯეს. მეტიც, სასტუმროს ქვითრების თანახმად, "სხვა ხარჯების" მუხლით, 4 700 ლარი დაიხარჯა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ანაზღაურებულიყო. კერძოდ, 2012 წლის 10 მაისს, სახელმწიფო მინისტრის ბელგიაში მივლინებისას, ფაქტობრივი ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში, ქალაქ ბრიუსელში, ბლანკესტრაატის ქ. N14-ში მდებარე მასაჟის დაწესებულება INTERDIT-ში (დაინტერესებული მკითხველი აღნიშნული დაწესებულების ფოტოების ნახვას ინტერნეტსივრცეში შეძლებს) გახარჯული 1 300 ლარი და 600 ლარი ფიგურირებს. იგივე დაწესებულებაში, 2011 წლის 25 ნოემბერს, სახელმწიფო მინისტრის მიერ სამივლინებო თანხებიდან გახარჯულია 200 ლარი და 300 ლარი. სახელმწიფო მინისტრის უკრაინის დედაქალაქ კიევში მივლინებისას, 2012 წლის 4 თებერვალს, ღამის ბარ JUST CAFE-ში ("ვერსია" თავს იკავებს აღნიშნული ღამის ბარის ფოტოების გამოქვეყნებისგან) 1 900 ლარია გადახდილი, მათ შორის, ქვითრის მიხედვით, 4 გოგონას შეყვანის ღირებულება - 100 ლარი და 9 ცალი წითელი ვარდი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 ლარი დაჯდა! "ვერსიის" ინფორმაციით, სააუდიტორო პერიოდში, სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, შტატით მომუშავე თანამშრომლების უმეტესობაზე პრემიები ყოველთვიურად გაიცემოდა. იყო შემთხვევები, როდესაც თვეში ერთზე მეტ პრემიას გასცემდნენ. "2011 წელს, გაცემული პრემიების ხვედრითმა წილმა, "მთლიანი ხარჯის" მუხლის - 44%, ხოლო თანამდებობრივი სარგოს 79% შეადგინა, საიდანაც დეკემბერში გაცემული პრემიების ხვედრითი წილი თანამდებობრივ სარგოსთან შედარებით - 124%, ხოლო შრომის ანაზღაურებასთან შედარებით - 55%-ია. აუდიტის პერიოდში, აპარატის ასიგნებებიდან, სახელმწიფო მინისტრებზე, საკუთარი ბრძანებების საფუძველზე, პრემიის სახით დარიცხული და გაცემულია 115 300 ლარი. აქედან, 2011 წლის 1 იანვრიდან, 2012 წლის 20 აგვისტომდე, დარიცხული და გაცემულია 92 700 ლარის პრემია; 2012 წლის 24 აგვისტოდან, 22 ოქტომბრამდე - 11 300 ლარის პრემია; 2012 წლის 25 ოქტომბრიდან, 31 დეკემბრის ჩათვლით - 11 300 ლარის პრემია", - წერს გაზეთი "ვერსია".

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT