TV3-ს ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მეორობის კანდიდატის, ნიკა მელიას შესახებ მომზადებული გადაცემა ეთერში არ გავიდა. გადაცემა სტუდია „ანატომიამ“ მოამზადა და ეთერში 2 მაისს, საღამოს, 21 საათზე უნდა გასულიყო.
„ანატომიის“ ამ გადაცემის ანონსი TV3-ს ეთერში მთელი კვირის განმავლობაში გადიოდა. გადაცემის ეთერში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე კი არხის ხელმძღანელებმა აღმოაჩნიეს, რომ ჩანაწერი მყარი დისკის (ე.წ. „ვინჩესტერის“) დაზიანების გამო დაიკარგა.
ნიკა მელია გადაცემაში საკუთარ საარჩევნო დაპირებებზე საუბრობდა და ჰგონია, რომ გადაცემა პოზიტიური გამოვიდა და TV3-მა დაბლოკა.
„ჩვენი თანამშრომლები ცდილობენ აღადგინონ ეს მასალა. ეს არის ძალიან ხშირი პრობლემა. სამწუხაროდ ეს მასალა მხოლოდ ერთ კომპიუტერში იყო დაცული, ამიტომ მოხდა ასე“,- უთხრა TV3-ის დირექტორმა გრიგოლ ბაიბურთმა Media.Ge-ს.
მისი თქმით, ნათია მიქიაშვილის საავტორო გადაცემა - „ანატომია“ TV3-ის პროდუქტი არ არის, გადაცემას სტუდია „ანატომიისგან“ ყიდულობენ, შესაბამისად მელიაზე მომზადებული მასალის სამუშაო ვერსია მათთან არ ინახება.
გადაცემის პროდიუსერი, თამუნა ჯანელიძეც ადასტურებს, რომ სტუდია „ანატომიას“ მხოლოდ ერთი სამუშაო, სამონტაჟო კომპიუტერი აქვს, რომელშიც შენახული იყო მომზადებული ვიდეომასალა.
„ჩვენ შავ (სამუშაო ვერსია) მასალას არ ვინახავთ. გვაქვს კამერა, რომელიც მუშაობს ჩიპით (მეხსიერების ბარათით), როცა მასალა გადაგვაქვს კომპიუტერში, შემდეგ ვშლით“, - განმარტა გადაცემის პროდიუსერმა Media.Ge-სთან საუბრისას.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა TV3-ს ეთერში დაანონსებული გადაცემა არ გავიდა. 2014 წლის მარტში არხის ხელმძღვანელობამ საგამოძიებო გადაცემა „ახლო ხედით“ შეაჩერა. მაშინ გრიგოლ ბაიბურთი Media.Ge-სთან ამბობდა, რომ არხის სამაუწყებლო ბადის ცვლილება იგეგმებოდა და გადაცემა ახალი საეთერო სეოზინდან დაუბრუდებოდა. TV3-ზე „ახლო ხედით“ ამ დრომდე არ დაბრუნებულა, იმის მიუხედავად, რომ არხს 8 საგამოძიებო სიუჟეტი მომზადებული აქვს.