ჰაჯიმე, ირაკლი-სან..
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს კარატეს მსოფლიო ფედერაციამ - შავი ქამარი და სამურაის ხმლის - კატანას ტარების უფლება მისცა. ჩვენი პრემიერი მსოფლიოში მეორეა (ერდოღანის შემდეგ), ვისაც ესოდენ დიდი პატივი ერგო. პარალელურად, ფასკუნჯი.ჯი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნოდარ ხადურს მიენიჭა სუმოს ორთაბძოლებში მიღების უფლება (იმდენი ტყუილად ჭამა ნოდარიმ?), ირაკლი ალასანია დამწყებ ნინძათა კურსებზე ჩაირიცხა, ხოლო კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას კი, მიუხედავად დიდი თხოვნისა, არაფრით არ მისცეს ჰაიკუების წერის უფლება და უკვდავი სტრიქონების - "მტრედი პატარა დილაა" განაწყენებული ავტორი ხარაკირის გაკეთებას გეგმავსო. ვრცელდება ხმებიც, რომ სასჯელაღსრულების მინისტრს, სოზარ სუბარს "პიანი მასტერის" რიმეიქში იღებენ. როლის მოსამზადებლად საჭირო საკეს პარტია ტოკიოდან უკვე გამოაგზავნა ტაკეში კიტანომ.
მას შემდეგ რაც ღარიბაშვილი სამურაის ხმლით დააჯილდოვეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბიძინა ივანიშვილზე ცუდს აღარ ამბობენ, ვაითუ, ირაკლიმ იფიქროს, შოგუნი შერცხვაო და ხარაკირი გაიკეთოსო. ხარაკირიზე გამახსენდა, თუ სამურაი თავს ვერ მოიკლავდა, არსებობდა თანაშემწის თანამდებობა, რომელსაც ევალებოდა თვითმკვლელის ტანჯვა თავის მოკვეთით შეეწყვიტა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ასკაციანი სია გააგზავნა თანაშემწის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
სამურაებს ჰქონდათ საკუთარი ქცევის კოდექსი "ბუშიდო", რომელსაც განუხრელად ემორჩილებოდნენ, ასეა ჩვენი ირაკლიც, გამორიცხულია, რომ ზემოთხსენებულ პატრონს წინ გადაუდგეს და რონინის (უბატონო სამურაის) გზას დაადგეს (მარგველაშვილს კი არა ჰგავს, რომელმაც ნეტარი ბატონის განრისხების შემდეგ მთელ კლანს თავსლაფი დაასხა და სეპუკუ არ მოითხოვა).
სააკაშვილს რომ გაუგია ეს ამბავი, ძალიან უდარდია. ნუთუ იმდენი დამსახურება არ მქონდა კატანა თუ არა, ვაკიძაში (სამურაის ხანჯალი) მაინც რომ ეჩუქებინათო?
kvirispalitra.ge