"მოდულიდან მოსასმენი აპარატურა რომ გაეტანათ, რადიოდაზვერვა იპოვიდა" - "კუდის" ყოფილი თანამშრომელი
ე.წ. მოდულის შენობიდან თითქოსდა მოსასმენი ტექნიკის გატანის შესახებ ხმები სიცრუეა - ეს განცხადება კუდის ყოფილმა თანამშრომელმა თემურ კენკებაშვილმა გააკეთა და განმარტა,რომ თუ დღეს ვინმეს აქვს მოსასმენი აპარატურა გატანილი, მას რადიოდაზვერვის სამმართველოს ტექნიკა აღმოაჩენდა.
"მაღალი თანამდებობის პირების სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებამ დიდი აურზაური გამოიწვია. მოვისმინეთ უამრავი პოლიტიკური შეფასება, თუმცა არავის უსაუბრია ტექნიკურ დეტალებზე. ვისაც არ უნდა განეხორციელებინა ეს ფარული მიყურადება, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომ იგი ვალდებულია დაიცვას საკუთარი ქვეყნების მოქალაქეები, მათი უსაფრთხოება და ა.შ. თუ მოხდა პრეცედენტი და ვიღაცამ სახლში წაიღო მოსასმენი პორტატული აპარატურა, მას შემდეგ გავიდა წელიწადნახევარი. თუ დღეს ვიღაცა გვისმენს, რას აკეთებს ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს რადიოდაზვერვის სამმართველო, რომელიც არსებობს კონტრდაზვერვის ბაზაზე და რომლის ფუნქციაც სწორედ მსგავსი ტიპის დანაშაულის აღკვეთაა. როდესაც განაცხადეს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ტექნიკა, რომ მოხდეს დაჯდომა და მათი განეიტრალება, არის აბსურდი. ძალიან მარტივი ტექნიკით შეიძლება ამის გაკეთება. თუ წელიწადნახევრის განმავლობაში მსგავსი გასაიდუმლოებული ჯგუფი მუშაობდა და ჩვენ გვისმენდა, რას აკეთებდა შსს? ამის დადგენა ძალიან მარტივად შეიძლებოდა", - აღნიშნა კენკებაშვილმა. მისივე თქმით, გამოქვეყნებული ჩანაწერების ხარისხიც მიუთითებს, რომ ფარულ ჩანაწერებს სახელმწიფო უწყება აკეთებდა. "2012 წელს იყო მსგავსი შემთხვევა. არა ოპოზიციურ პარტიებს, არამედ ვიღაცეებს ჰქონდათ თბილისის ცენტრში დამონტაჟებული მსგავსი ტიპის ტექნიკა და ახდენდნენ ფარულ მიყურადებას. ეს ფარული მიყურადების ტექნიკა იქნა განეიტრალებული. რადიოდაზვერვის სამმართველომ მიიღო ინფორმაცია, რომ ისმინებოდა რაღაცეები. ჩატარდა სპეცოპერაცია და მოხდა ამ ტექნიკის ამოღება. მათ აქვთ მსგავსი ტიპის ტექნიკა, რომელიც გაანეიტრალებს ამ ყველაფერს. ის რომ გაურკვეველი პირები უსმენენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, არის აბსურდი, რადგან მსგავს შემთხვევაში, რადიოდაზვერვის სამმართველოს ტექნიკა თავად აღმოაჩენდა მას. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც მსგავსი ტიპით ხდება ჩაწერა, დაჯდომა ხდება მეორე-მესამე ხარისხის სიგნალთან და გამორიცხულია იმ ხარისხის ჩანაწერი მივიღოთ, რა ხარისხიც ვიხილეთ ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ მასალებში. ეს მიუთითებს, რომ ეს არის რომელიმე სახელმწიფო უწყების მიერ განხორციელებული ჩანაწერები", - განაცხადა კენკებაშვილმა.