არ არის გამორიცხული, ახალ კოალიციას სათავეში ალასანია ჩაუდგეს
საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს კახი კახიშვილს მიაჩნია, რომ NDI-ის კვლევებში თავდაცვის მინისტრის ბოლოდროინდელი მაღალი რეიტინგი შემთხვევითი არ არის და ამის მიზეზად 2016 წლის საპარალმენტო არჩევნებისთვის მზადებას ასახელებს.
ამის შესახებ მან გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა.
კახიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მომავალი არჩევნებისთვის მისი ლიდერობით ახალი კოალიცია ჩამოყალიბდეს, მით უფრო იმ ფონზე, რომ მასსა და არც ყოფილ და არც ამჟამინდელ პრემიერს შორის კარგი ურთიერთობა არ არის.
„არ ვიცი, მისი 67%-იანი რეიტინგი რამდენად რეალურია, რადგან ქუჩაში მისი მუშაობის შედეგებზე ხალხის საუბარი არ მომისმენია, სამინისტროს ფეხზე დაყენების შესახებ არც სამხედრო ექსპერტები საუბრობენ. მერამდენე კვლევაა, რომელიც ალასანიას წინ წამოწევას ეთმობა? ისინი უბრალოდ ისეთ სურათს ქმნიან, რომ ვიღაცას კოალიციის გარეშეც იმხელა რეიტინგი აქვს, რომ ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევს. მითუმეტეს, რომ გამუდმებით საუბარია იმაზე, რომ გუნდში პრემიერსა და ალასანიას შორის კარგი ურთიერთობა არ არის. ტკბილი ურთიერთობა ალასანიას არც ივანიშვილთან ჰქონდა“- აცხადებს კახიშვილი.
პოლიტოლოგი ასევე ამბობს, რომ ალტერნატიულ კოალიციაში, რომელსაც შესაძლოა, სათავეში ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჩაუდგეს, ოპოზიციაში გადაბარგებული „ნაციონალური მოძრაობაც“ ვიხილოთ.
„არ არის გამორიცხული, ამ ახალ კოალიციას სათავეში ალასანია ჩაუდგეს, მითუმეტეს 2016 წლამდე ბევრი დროა. ამ გაერთიანებაში ალბათ აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც ნაკლებ აგრესიულები იყვნენ და შესაბამისად მოსახლეობის მხრიდან ნაკლებ აგრესიას იმსახურებენ“- განაცხადა პოლიტოლოგმა.