71 619 ლარი - აჭარის მთავრობის 118 მივლინება
2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მივლინებაში 118-ჯერ იმყოფებოდნენ. ყველაზე ხშირად, 20-ჯერ, მივლინებაში მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე იმყოფებოდა.
ყველაზე დიდი სამივლინებო თანხაც 4 153 ლარი, სწორედ ხაბაძის საფრანგეთში, პარიზში ევროპის რეგიონთა ასამბლეაზე დასასწრებად არის დახარჯული. 3 129 ლარი დაიხარჯა არჩილ ხაბაძის ისრაელში მივლინებაზე, გერმანიაში კი 3 505 ლარი.
რაც შეეხება, აჭარის მთავრობის აპარატის მიერ გაწეული მივლინების ხარჯებს, ყველაზე დიდი ხარჯები ისევ არჩილ ხაბაძის მივლინებაზეა დახარჯული. 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 20 მაისამდე, ხაბაძე მივლინებაში შვიდჯერ იმყოფებოდა, მათ შორის საზღვარგარეთ მხოლოდ ერთხელ, ექვსჯერ კი თბილისში.
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საინვესტიციო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად, ხაბაძის მივლინებისთვის 3 227 , ხოლო ირაკლი გორაძის მივლინებისთვის 3 007 ლარი დაიხარჯა.
2014 წლის 1 იანვრიდან 20 მაისამდე სულ 31 მივლინებაა დაფიქსირებული და საერთო ჯამში დახარჯულმა თანხამ 11 241 ლარი შეადგინა.
აჭარის მთავრობის აპარატის მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ დოკუმენტაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ბათუმის ოფისმა გამოითხოვა.