"ხელთ მაქვს "საქართველოს ბანკის" ამონაწერი, რომლის მიხედვითაც, ჩემს ანგარიშზე 30 000 ლარი არ ჩარიცხულა. გარდა ამისა, საკუთარი ნებით ჩავაბარე სამსახურეობრივი მანქანა და საკუთარი ტრანსპორტით ვსარგებლობდი, ტელეფონის ხარჯებსაც ჩემი ჯიბიდან ვფარავდი.
როდესაც სამსახურეობრივი მივლინების დროს ჩემს მანქანას მეხი დაეცა, მისი გარემონტების ხარჯებიც კი არ მომითხოვია, რადგან მიმაჩნდა, რომ ქვეყანაში ამის საშუალება არ იყო," _ სასჯლეღსრულლების დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი მრჩეველი, ლალი მოროშკინა, უწყების გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელმა, მრჩეველი ლალი მოროშკინა თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. როგორც ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა, სოციალურმა მუშაკმა, ავთანდილ ჟღენტმა განუცხადა, მოროშკინას მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები სტრუქტურის ღია დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.
ღლონტის თქმით, მოროშკინას მიერ გაკეთებულ დესტრუქციულ განცხადებებს წინ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან მისი შეხვედრა უძღოდა, სადაც მან ყოველთვიურად 10 000 ლარიანი პრემია და ახალი ავტომანქანა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
"ამის შემდეგ მოროშკინამ სხვადასხვა ცრუ და აბსურდული განცხადებების გაკეთება დაიწყო", _ ამბობს ღლონტი და იქვე დასძენს , რომ მოროშკინას თანამდებობრივ სარგოსთან ერთად პრემიის სახით 30 000 ლარი აქვს მიღებული.
ყოფილი მრჩეველი ფიქრობს, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლების უფლება მხოლოდ სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს ჰქონდა, რადგან სწორედ მისი თხოვნითა და შეთავაზებით დასთანხმდა აღნიშნულ სტრუქტურაში მუშაობას.
"რა თქმა უნდა, ჩემი გადაყენების უფლება მხოლოდ სოზარ სუბარს ჰქონდა, რადგან მისი დანიშნული ვარ. ვიღაც გაუგებარი და ჩემთვის უცნობი ადამიანი არ უნდა აკეთებდეს განცხადებას ჩემს გათავისუფლებაზე. ისე სოციალური მუშაკები როდიდან ათავისუფლებენ თანამდებობიდან მრჩევლებს? უჩა ნანუაშვილთან მქონდა შეხვედრა, ის რა თქმა უნდა, აღშფოთებულია, რადგან შრომის კანონმდებლობის აშკარა დარღვევასთან გვაქვს საქმე. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ჩემი გაფრთხილება ორი კვირით ადრე უნდა მომხდარიყო, რაც არ მოხდა. ჩემს გვერდით დგას " ახალგზარდა იურისტთა ასოციაციაც", რომელიც ჩემს ინტერსებს სასამართლოში დაიცავს", _ ამბობს მოროშკინა, რომელიც გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.
იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა დეპარტამენტს მრჩევლის გათავისუფლების უფლება, "გურია ნიუსი" სასჯელაღსრულების სამინისტროს დაუკავშირდა.
"როგორც მე ვიცი ლალი მოროშკინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო და შესაბამისად დეპარტამენტს ჰქონდა თანამშრომლის როგორც დანიშვნის, ისე გათავისუფლების უფლება", _ ამბობს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თაია მახარაშვილი.
მოროშკინა ამბობს, რომ მისი ბოლო დროინდელი განცხადებები მიზნად ისახავდა არა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დისკრედიტაციას, არამედ ზემდგომი ორგანოების ინფორმირებულობას იქ მიმდინარე არაჯანსაღი მოვლენების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის საკადრო და სახელფასო პოლიტიკა მთავრობის მაღალ ეშელონებშიც დაგმეს, დიმიტრი დარბაისელი დღემდე ინარჩუნებს თანამდებობას .