Express News

რატომ იკარგებიან ახალაიას საქმის მოწმეები?


რა კავშირი აქვთ ყოფილ მაღალჩინოსნებს უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან და მათ მკვლელობებთან? - ეს კითხვა აქტუალური შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების შემდეგ, კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. თათუხაშვილმა კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალიას და ლევან ქარდვას წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენება ნავთლუღის სპეცოპერაციის დეტალებზე მისცა, რა დროსაც სამი ახალგაზრდა ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. ამ ჩვენებით ირკვევა, რომ დათა ახალაიამ განახორციელა საკონტროლო გასროლა მათ წინააღმდეგ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კითხულობს,იქნებ სწორედ დათა ახალაიას არ აწყობდა შალვა თათუხაშვილი ცოცხალი, რადგან მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება?! კობახიძის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობა აღნიშნული საქმით მანიპულირებს და სინამდვილეში არსებული ვითარებით დაინტერესებულიც არ არის.

„საბოლოო პასუხი გაეცემა ყველა კითხვას, როცა გამოძიება დასრულდება და დაიდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საქმის პოლიტიზებას ახდენს და დესტრუქცია შემოაქვს. წინასწარი განწყობები აქვთ შექმნილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი საქმის ვითარებით არ არიან დაინტერესებული. მე ასეთი კითხვა მაქვს - იქნებ სწორედ ახალაის არ აწყობდა ეს მოწმე ცოცხალი?! წავიდეს მაშინ გამოძიება ამ ვერსიით“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ. 

სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს წარსული გამოცდილება, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ იკარგებოდა. ამ ეტაპზე, რამდენიმე უგზო-უკვლოდ გამქრალ ადამიანთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით იკვეთება სერიოზული დანაშაულის ნიშნები, რომ სწორედ საპარლამენტო უმცირესობის ყოფილი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადამიანების გატაცებაში და მათ ლიკვიდაციაში.

რაც შეეხება ნავთლუღის საქმეს, თათუხაშვილი ერთადერთი არაა, ვინც ძმები ახალაიების წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენება მისცა. შეგახსენებთ, რომ ახალაიების წინააღმდეგ ჩვენება მისცა მოკლული გია გორგაძის ძმამ, გორგაძემ, რომელიც ჩვენების მიცემის შემდეგ გაუჩინარდა. მაშინ მისი მეუღლე აცხადებდა, რომ გორგაძე ახალაიების ხალხს ჰყავდათ გატაცებული და აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ დათა ახალაიას წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.

თათუხაშვილის მსგავსად, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ხურჩის საქმეზე ბრალდებულ კუდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანის და ახალიების უახლოესი მეგობრის, რომან შამათავას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე დანელია.

მისი გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს. ალექსანდრე დანელიას გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. დანელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით პოლიციის მაღალჩინოსის გარდაცვალება ხურჩის ინციდენტს უკავშირდება.

მკვლელობამდე რამდენიმე დღის წინ დანელია, რომელიც ხურჩის ინციდენტში ბრალდებულ, რომან შამათავას მეგობარი იყო, დაიკითხა, რომელმაც ჩვენება შამათავას წინააღმდეგ მისცა. ვრცელდება ვერსია, რომ დანელია მოკლეს. მკვლელობის მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მისი ალაპარაკება არ აწყობდათ.
„დანელია ინფორმირებული იყო რა ხდებოდა შამათავას თავს, როგორ იქცეოდა და რა დავალებებს ასრულებდა ის. აქიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს მკვლელობა. მითუმეტეს, რომ ასეთი რამე პრაქტიკაში ჰქონდათ, როდესაც თავისთვის არასასურველ პირებს იშორებდნენ თავიდან და მერე ამას ფუთავდნენ როგორც თვითმკვლელობას.

გაიხსენეთ ლევან სამხარაულის ფაქტი. ზუსტად ვერ გეტყვით ეს თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა, მაგრამ სულ არ გამიკვირდება, რომ ეს იყოს მკვლელობა, იმიტომ, რომ ასეთი რამ მომხდარა ამ ქვეყანაში“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე.

სწორედ ახალაიების გარემოცვას ადანაშაულებს ზეწოლაში კიდევ ერთი მოწმე გოდერძი ჯოლოხავა. ყოფილი პატიმარი, რომელმაც ბაჩო ახალაის საქმეზე ჩვენება სამჯერ შეცვალა, აცხადებს, რომ ახალაიას გარემოცვა მას შვილისა და ძმისშვილის მოკვლით ემუქრებოდა. პროკურატურამ ამ განცხადების საფუძველზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, ვის აწყობს საქმის ძირითადი მოწმეების ჩამოცილება, თუ არა ბრალდებულებს. უფლედამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ეს ადამაიანები პირდაპირ კავშირში არიან ახალაიების მოღვაწეობის პერიოდთან.

„რატომ არაა განხილვადი საკითხი, რომ თათუხაშვილის გარდაცვალების საკითხი პირდაპირ კავშირში იყოს ახალაიების ინტერესებთან და გამოძიებამ ამ მიმართულებით გაამახვილოს ყურადღება. არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ დააყენოს საკითხი ამ გარემოებების გამოსაკვეთად, ვინაიდან ამ პირთა წრის მიმართს ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს. ადგილი აქვს საქმის ძირითადი მოწმეების ჩამოცილებას. გამოძიება უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე.

სანამ პროკურატურა არ გვეტყვის, რა სამართლებლივი გარემოება არსებობს, რომ მათი გარდაცვალება უკავშირდება ვიღაცის ინტერესებს, მანამდე ეს ვერსია, ვერსიად დარჩება. კარგია, რომ ხელისუფლება ამ თემას აჟღერებს, მაგარამ ეს არაა საკამარისი. ჩვენი ლეგიტიმური მიზანია, რომ ყველა ეს საქმეები ახალაიებთან მიმართებაში უნდა იქნას გამოძიებული და პასუხგაცემული“, - აცხადებს for.ge-სთან დიმიტრი ლორთქიფანიძე. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT