Express News

დავით უსუფაშვილმა და ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს


"საქართველო, ისევე როგორც ლატვია, მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს კოლექტიური უსაფრთხოებისა და კოლექტიური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლატვიის სეიმის თავმჯდომარესთან, სოლვიტა აბოლტინასთან და ლატვიის სეიმის დელგაციასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემების წინაშე დგას, ლატვიის სეიმის თავმჯდომარის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ქალბატონი სოლვიტა დღეს ჩვენს გვერდითაა, როგორც ჭეშმარიტი მეგობარი და დღეს, შეხვედრის დასაწყისსში, მოვახსენე, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემების წინაშე მდგომი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, მისი ვიზიტი ნიშნავს, რომ უახლოესი ორ-სამი დღე ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და მადლობა გადავუხადე მას ამისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და გაუმჯობესების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა, დელეგაციების ურთიერთგაცვლა და გამოცდილების გაზიარება არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ სამთავრობო დონეზეც გრძელდება. „ჩვენ მივიღეთ ლატვიელი კოლეგებისგან შემოთავაზება, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ლატვიის სეიმი მზადაა, გაგვიზიაროს საკუთარი გამოცდილება ევროკავშირის მოთხოვნების რეალურ ცხოვრებაში დანერგვის თვალსაზრისით და ჩვენ, ლატვიის სახით, მომავალშიც საიმედო პარტნიორი გვეყოლება გაფართოებულ ევროპაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„ლატვია მხარს უჭერს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას რაც შეიძლება ადრეულ ვადებში“, - განაცხადა ლატვიის სეიმის (პარლამენტის) თავმჯდომარემ. სოლვიტა აბოლტინას განცხადებით, საქართველოსა და ლატვიის მჭიდრო ურთიერთობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ლატვიის სეიმში ყველაზე მრავალრიცხოვანია. „მინდა მოგახსენოთ, რომ 2015 წლის იანვრიდან ლატვია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობა იქნება“, - განაცხადა ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ შეხვედრის დიდი ნაწილი უკრაინის უსაფრთხოების განხილვას დაეთმო. „ლატვია შეშფოთებას გამოთქვამს იმ უპატივცემულობასთან დაკავშირებით, რასაც რუსეთი იჩენს და მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა ერთხმად უნდა გამოთქვას პროტესტი და გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის ქმედებებს“, - განაცხადა სოლვიტა აბოლტინამ.
ლატვიის სეიმის თავმჯდომარის, სოლვიტა აბოლტინას ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან ერთად, ლატვიის სეიმის დელეგაციასთან შეხვედრას პარლამენტის წევრები: თედო ჯაფარიძე, გიორგი ვოლსკი და გიორგი წერეთელი ესწრებოდნენ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT