Express News

მაშველი ჯაბა: რა გული მომითმენდა, გუსევისთვის გვერდიდან მეყურებინა?!



ის დროა, გუსევების ოჯახი დღეის აქეთ ჯაბა კანკავაზე ლოცულობდეს... სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა იხსნა სიკვდილისგან კიევის "დინამოს" კაპიტანი ოლეგ გუსევი, როცა ორთაბრძოლისას მას თავში "დნიპროს" მეკარე დენის ბოიკოს ფეხი მოხვდა და მოედანზე უგონოდ დავარდა. 

ეს ამბავი კვირას, დნეპროპეტროვსკში, ადგილობრივი "დნიპროსა" და კიევის "დინამოს" შეხვედრისას მოხდა. სტუმართა შეტევისას მეკარე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს დაეუფლა, მუხლი კი უნებლიედ მასთან ერთად ამხტარ ოლეგ გუსევს მოარტყა თავში. მადლობა ღმერთს, იმ ეპიზოდში, შეტაკების ადგილიდან რამდენიმე მეტრში, ჯაბა კანკავა იმყოფებოდა... 

"დნიპრო"-"დინამოს" მატჩის მეორე დღეს, მან, როგორც ყოველთვის, დილით ეკლესიაში ილოცა, მერე გუნდთან ერთად ივარჯიშა, მოედანზე მომხდარი ამბავი კი საღამოს "ლელოს" მოუყვა...

- ტანში ახლაც მზარავს, საშინელებას გადავრჩით. ჩვენი მეკარე და სტუმარი ფეხბურთელი ერთმანეთს რომ შეეჯახნენ, იქვე 3-4 მეტრში ვიყავი. დავინახე, რომ ოლეგ გუსევს თავში ბოიკოს ფეხი მოხვდა და მოწყვეტით დავარდა. 

მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული მოხდა. აღარ შევყოვნებულვარ და პირდაპირ გავქანდი... 

სამწუხაროდ, ასეთ სიტუაციაში ყოფნის გამოცდილება მაქვს. გახსოვთ საქართველო-ლიტვის მატჩი, როცა ჩვენი თავდამსხმელი დავით სირაძე გონებადაკარგული რომ დაეცა?! მაშინაც შემთხვევის ადგილას ვიყავი და კარგად ვხედავდი, როგორ ეჭირა ლევან მჭედლიძეს სირაძის ენა. 


ფოტოზე: 2007 წლის 21 ნოემბერი. საქართველო-ლიტვა

ახლაც თითქმის იგივე მოხდა, ამიტომაც არ დავბნეულვარ, გუსევი დავარდა თუ არა, მყის მისკენ გავქანდი და პირის დამუწვის საშუალება არ მივეცი. 

ექიმი არ ვარ, მაგრამ ეს ელემენტარული კი ვიცი, ასეთი შოკის დროს ადამიანი ენას ვერ იმორჩილებს და შეიძლება გაიგუდოს. ამიტომაც, მთელი ძალით ვწვდი ჯერ ნიკაპს და შემდეგ ენას. ისიც ვიცი, რომ ასეთ დროს დაზარალებული გვერდით უნდა გადააბრუნო და ამოსუნთქვის საშუალება მისცე. 

ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. დავინახე, რომ ადამიანი ჩემს გვერდით ასეთ მდგომარეობაში იყო და, აბა, რა გული მომითმენდა, გუსევისთვის გვერდიდან მეყურებინა?! ჩემმა თანაგუნდელებმაც ძალიან იყოჩაღეს. გუსევისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენაში ისინი დამეხმარნენ, თორემ იქნებ, ვერც გვერდით გადამებრუნებინა. 

- დნეპროპეტროვსკის საავადმყოფოს ექიმებმა თქვეს - რომ არა კანკავა, გუსევი ვერ გადარჩებოდაო...
- ამდენი აღარ ვიცი. რაც ვიცოდი, ის მოედანზე გავაკეთე და როგორც ვიცი, ოლეგ გუსევი ახლა თავს კარგად გრძნობს. ხოლო რა მოხდებოდა, მისთვის ენა რომ არ დამეჭირა, ვერ გეტყვით. ექიმებმა უკეთ იციან.

- ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ ხელის თითებს დასცქერი... 
- ძალიან მტკიოდა. ასეთ დროს, თურმე, თვითგადარჩენის ინსტინქტი მოქმედებს და გუსევის შემთხვევაშიც, ცხადია, ასე მოხდა. მას პირის დამუწვის საშუალებას არ ვაძლევდი, ის კი ჩემს თითებს ყბებით მთელი ძალით აწვებოდა. ასე რამდენიმე წამს გაგრძელდა, იქამდე, ვიდრე გუსევი ამოისუნთქავდა. 

იმ რამდენიმე წამს კი თითებს, ფაქტობრივად, ვერ ვგრძნობდი. 

- ვიდრე დაგიკავშირდებოდით, თქვენს ტელეფონზე კარგა ხანს დაკავება იყო. მხოლოდ კიევის "დინამოსთან" თამაშის გასარჩევად, ალბათ, არ დაგირეკავდნენ...
- კი, ძალიან ბევრმა დამირეკა და მადლობა გადამიხადა. კიეველებს მატჩის შემდეგაც ვესაუბრე და მათაც მადლიერება გამოხატეს.

- თავად ოლეგ გუსევს არ დაურეკავს?
- ჯერ არა. "დინამოდან" კი, ფეხბურთელების გარდა, კლუბის ხელმძღვანელობაც მელაპარაკა და მათაც იგივე თქვეს, რაც სხვებმა, ყველა მადლიერებას გამოხატავს.

P.S. ჯაბა კანკავასთან ეს ინტერვიუ საგაზეთოდ უკვე მზად იყო, როცა სოციალური ქსელით რუსული სპორტული არხის "ენ-ტე-ვეს" წამყვანის ალექსეი ანდრონოვის ის სიტყვები გავრცელდა, რომელიც ჩვენმა მკითხველმაც აუცილებლად უნდა იცოდეს. აი, რა დაწერა რუსმა ჟურნალისტმა ჯაბა კანკავას შესახებ: 

"უკრაინაში კანკავას გმირის წოდება უნდა მიანიჭონ. სერიოზულად ვამბობ ამ სიტყვებს და წრფელი გულით ვსვამ მის სადღეგრძელოს - ჯანმრთელობას გისურვებ, ჯაბა! ჯანმრთელობას გისურვებ, ოლეგ! გახსოვდეს, შენ ქართველმა ჯაბა კანკავამ გადაგარჩინა", - წერს ანდრონოვი.

http://sportall.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT