პოლიტიკოსების ცოლების სკანდალები და უცნაური გამონათქვამები
''ცოლი ქმრის სახეა'' - ეს გამონათქვამი განსაკუთრებულად საქართველოში უყვართ და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, მით უმეტეს მაშინ, თუ საქმე პოლიტიკოსებს ეხებათ.
პოლიტიკოსების მეორე ნახევრები გამორჩეული ყურადღების ცენტრში წინასაარჩევნოდ ხვდებიან. ტელევიზიებში ერთიმეორის მიყოლებით გადის თბილი, გულისამაჩუყებელი სიუჟეტები, როგორ უვლიან დაღლილ მეუღლეებს, შინ მისულებს ახვედრებენ ელარჯს, ყავას უდუღებენ და ძალიან ნერვიულობენ საკუთარი მეორე ნახევრების სატელევიზიო დებატებზე.
მართალია, მათ მიმართ ინტერესი დიდია, მაგრამ ყველა არ გვანებივრებს ინტერვიუთი და მით უმეტეს, სკანდალებით. მათი დიდი ნაწილი ჩუმად, საზოგადოებისგან მალულ ცხოვრებას ამჯობინებს. ზოგს ეშინია, რომ პრესასთან ან ტელევიზიასთან რამე ისეთი წინადადება არ წამოსცდეს, რომ შემდეგ კონკურენტი პარტიის მხარდამჭერებმა ამაზე სოციალურ ქსელში იხალისონ.
სხვათა შორის, რამდენიმე ცნობილ პოლიტიკოსზე იმასაც ამბობენ, რომ მეუღლეს თავად აუკრძალა ინტერვიუს მიცემა, რადგან იცის, რომ რამე ისეთი წამოსცდება, რაც დიდი ხნის განმავლობაში მხიარულებისა და განხილვის თემა გახდება.
ამჯერად რამდენიმე პოლიტიკოსის ცოლის სკანდალურ ცხოვრებას და უცნაურ გამონათქვამებს გავიხსენებთ.
ანუკა არეშიძე კახი კალაძის მეორე ნახევარი გახლავთ. წყვილს სამი შვილი ჰყავს და ბედნიერად ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ კახის პოლიტიკაში წასვლისა და გამინისტრების შემდეგ ანუკა მაქსიმალურად ცდილობს, თავი შეიკავოს სოციალურ ქსელში პოლიტიკური სტატუსებისა და საჯარო განცხადებებისგან, სკანდალებს მაინც ვერ ასცდა.
კახის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ოპონენტებმა ანუკას ოპერატიულად ამოუქექეს ინტერვიუ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ გამოცემას მისცა. ანუკა ამბობდა, რომ ერთ ახალ წელს საჩუქრების ყიდვა ვერ მოასწრეს და ნაძვის ხე დოლარებით მორთო, რადგან კახის ასეთი რაღაცები უყვარს.
სკანდალი მოჰყვა ანუკას სატელევიზიო ინტერვიუს ერთ-ერთ უკრაინულ ტელევიზიასთან. ქართველი ლამაზმანის რუსულმა მაშინ სრულიად სოციალური ქსელი აალაპარაკა. ამ ფაქტს ია ფარულავაც გამოეხმაურა: ''შვილო, ქართულად ილაპარაკე, თუ რუსული არ იცი, შემრცხვა'', - წერდა მსახიობი. მოგვიანებით კი ანუკას რუსული ენის მასწავლებელიც ურჩია და დაწერა, რომ თარჯიმნის აყვანა ნახევარი ''ტუფლის'' ფასიც არ დაუჯდებოდა.
თამარა ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიას მეუღლეა, მაგრამ ორიოდ წელიწადია, მას ბოკერიას მეუღლედ ძირითადად ყოფილი მაღალჩინოსნის ოპონენტები მოიხსენიებენ. თამარა იმდენად პოპულარულია, რომ ერთ-ერთ შოუში ბოკერიამ იხუმრა, რომ მალე უშიშროების ყოფილი მინისტრის ცოლის ქმრად მოიხსენიებდნენ.
სკანდალი და თამარა თითქმის სინონიმებია. თავიდან სოციალურ ქსელში პოპულარული რობერტ სტურუასადმი უცენზურო განცხადებებით გახდა და მალე ყველა პოლიტიკურ თოქ-შოუში სასურველ რესპონდენტად იქცა. მისგან ამ ბოლო დროს არაფერი უკვირთ, რადგან, თანამდებობის მიუხედავად, მისი ენამწარეობის ''მსხვერპლი'' ნებისმიერი ხდება. მათი მისამართით დამცინავ გამონათქვამებსაც არ იშურებს.
ირაკლი ღარიბაშვილს ჰაკიმ ფაშას, ხანაც ივანიშვილის პაჟს ეძახის, ივანიშვილის ზებრების სიყვარულის აღსანიშნავად კი ერთ-ერთი გადაცემა სპეციალური მაისურით წაიყვანა, რომელზეც ზებრა იყო მიხატული.