მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კრედიტის“ დირექტორი დარეჯან სილაგაძე იმედს გამოთქვამს, რომ მათი კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის დაყაჩაღების მცდელობა დროულად გამოიძიონ.
დარეჯან სილაგაძე ფაქტს თავად შეესწრო და გამოძიებამ სხვა თვითმხილველებთან ერთად უკვე დაკითხა. სილაგაძე სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ „ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ფაქტები კვლავ ხდება“.
დღეს, 29 აპრილს, ზუგდიდის შესასვლელთან ხობის სოფელ ხამისკურში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე უცნობი პირები თავს დაესხნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კრედიტის“ ინკასაციის ავტომანქანას. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა. მათ ვერც თანხის გატაცება მოახერხეს.
კომპანიის დირექტორის განცხადებით, ისინი ფერმერებზე სესხებს გასცემენ და „ალბათ ფიქრობდნენ, რომ ჩვენ თან გვექნებოდა დიდი თანხა, რაც სიცრუე იყო“. სილაგაძე არასწორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას ორმხრივი სროლების შესახებ და აცხადებს, გასროლა მხოლოდ ბოროტმოქმედებმა მოახდინეს. შემთხვევის ადგილას ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე მასრაა ნაპოვნი. ასევე ნაპოვნია ელექტროხერხი, რომლითაც ბოროტმოკმედებმა ხის მორი მოხერხეს.
მომხდარზე ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით.
ბოროტმოქმედებმა მიმალვა მოახერხეს. საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია იძიებს.