ფრაქცია ,,ქართული ოცნება-თბილისელების“ თავმჯდომარის ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილება კოალიციაში უკვე მიღებულია და ამის მიზეზი ისაა, რომ შიხიაშვილის მიმართ საზოგადოებაში კითხვები არსებობს.
“რამდენადაც მე ვიცი, ბატონი ირაკლი შიხიაშვილი გათვალისწინებული არ არის კოალიციის სიაში ანუ ის წარმოდგენილი არ იქნება საკრებულოში. ალბათ, ნახავს სხვა სფეროს, სადაც საკუთარი თავის რეალიზაციისთვის უკეთესი საშუალება ექნება”, - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ "პირველ პრესკლუბში".
ამასთან, საკრებულოს დეპუტატი აღნიშნავს, რომ ტერმინი “ყოფილი ნაციონალი” მისთვის მიუღებელია, რადგან ადამიანებს გარკვეულ ეტაპზე პოლიტიკური არჩევნის თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა, ზუმბაძის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ საზოგადოებას მაღალი მგრნობელობა აღმოაჩნდა.
“შიახიაშვილის და რამდენიმე დეპუტატის მიმართ საზოგადოებას განსაკუთრებული მგრძნობელობა აღმოაჩნდა, შესაძლებელია, ტაქტის, შესაძლებელია იმ შეცდომების გამო, რომელსაც ის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სჩადიოდა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ შიხიაშვილი ამ თანამდებობისთვის შეუფერებელი იყო და ეს სხვადასხვა პროცესმაც დაადასტურა, რამაც კოალიცია ზოგადად, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ირაკლი შიხიაშვილი, რომლის მიმართ საზოგადოებას ბევრი კითხვა ჰქონდა, აღარ ყოფილიყო სიაში წარმოდგენილი”, - განაცხადა ზუმბაძემ.
რაც შეეხება ზოგადად, მმართველი გუნდის საარჩევნო სიას, მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
“რეგიონების მიმართულებით ეს პროცესი უკვე დასრულებულია. კოალიციაში შემავალ თითოეულ პარტიას თავისი სია აქვს და დღეის მდგომარეობით, კოალიციის საერთო სიის შედგენა მიმდინარეობს. რაც შეეხება მაჟორიტარებს, თბილისის 10 რაიონი 25 ოლქად იქნება დაყოფილი და ყველა მათგანში ეყოლება კოალიციის თავის მაჟორიტარი კანდიდატი. აქედან, დაახლოებით, 12-13 მანდატი “ქართული ოცნების” იქნება, დანარჩენი კი კოალიციაში შემავალ პარტიებზე გადანაწილდება. შერჩევის პროცესში პრიორიტეტი კანდიდატის კონკურენტუნარიანობას მიენიჭება. სიის პირველი ნომერი ჯერ ცნობილი არ არის. კონსულტაციები მიმდინარეობს და შედეგს საზოგადოება სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოსთვის შეიტყობს”, - განაცხადა ზუმბაძემ და დასძინა, რომ დიდი ალბათობით, თავად სამგორის რაიონის, შემოერთებული სოფლებისა და ლილოს მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.