გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის და მანანა აბულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის უფროსს ვანო პაპიაშვილს შეხვდა, თუმცა პასუხი ძმის ადგილსამყოფელის და იმის შესახებ, ცოცხალია თუ არა ის, ვერც ამჯერად მიიღო.
„ველოდი, რომ ახალ ინფორმაციას შევიტყობდი. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. მითხრეს, იმერეთის სამხარეოდან საქმეს გამოვითხოვთ და თბილისში ხელახლა დავიწყებთო გამოძიებას. ჩვენ ამას შარშან იანვრის თვიდან ვითხოვდით, მაგრამ მაშინ წულუკიანმა და კბილაშვილმა გადაწყვიტეს, ზუგდიდიდან თბილისის ნაცვლად საქმე იმერეთის სამხარეოსთვის დაეწერათ. გამოდის, ეს წელიწად-ნახევარი ისე დაიკარგა, რომ არავითარი წინსვლა არ ყოფილა“, - განუცხადა მანანა აბულაძემ „ლაივპრესს“.
გაუჩინარებულის დის თქმით, მთავარი მოწმისგან, სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსისგან ამ დრომდე ვერ მიიღეო გამოძიებამ ინფორმაცია, თუ სად გაუშვა და რა მიმართულებით წავიდა გოგიტა აბულაძე.
„ყველაფერი ერთი ადამიანის ჩვენებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ამდენი ხანია ვერ მოაბეს თავი ამ საქმეს. ამ დროს მალხაზ პაჭკორია უფრო მაღალ თანამდებობებზე გადაჰყავთ. რა ვუთხრა ჩემს მშობლებს, 70 და 80 წლის ხალხს, რომ ამდენი დრო ტყუილად დაკარგეთ?“, - გვითხრა მანანა აბულაძემ.
გაუჩინარებული ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ანაკლია-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზა დღეს დილიდან გადაკეტეს. მათი განცხადებით, სამხარეო პოლიციის უფროს გრიგოლ ბესელიას დაპირება ჯერ კიდევ იანვრის თქვეში, რომ ათი დღის მანძილზე ეტყოდნენ გოგიტა აბულაძის ადგილსამყოფელს, ამ დრომდე არ შესრულება.
აქციის მონაწილეებს ამ დრომდე გზა ჯაჭვით აქვთ გადაკეტილი. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დროულად გამოიძიონ გაუჩინარებულის საქმე.
გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. ის სახლიდან 18 იანვარს სამსახურში, სასტუმრო „ანაკლიაში" წავიდა და შემდეგ არავის უნახავს. ოჯახის წევრებმა აბულაძის წერილი გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს, სადაც ვკითხულობთ: „გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ".
წერილში ნახსენები მალხაზ პაჭკორია სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია.