Express News

მინიმუმ, შს მინისტრი უნდა შეამოწმონ, ხომ არ მოიხმარს მსუბუქ ნარკოტიკებს



საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „საქართველოს ხელისუფლების შეცვლას მაიდანი არ სჭირდება“. ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას, რომლის თანახმად, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მზადდება. 

„როგორც მინიმუმ, შს მინისტრი უნდა შეამოწმონ, ხომ არ მოიხმარს მსუბუქ ნარკოტიკებს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს.  ეს ძალიან იაფფასიანი მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან, გადაფაროს პრობლემები, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში დაგროვდა. როგორც ჩანს, ჰაკიმ ფაშამ გადაწყვიტა, შს მინისტრისთვის დაევალებინა, გაეკეთებინა ეს განცხადება. ცხადია, ეს სისულელეა. არანაირი მაიდნისთვის მზადება „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სჭირდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ამ ხელისუფლების შეცვლას მაედანი და ასეთი რაღაცეები არ სჭირდება, ისედაც ძალიან სწრაფი ტემპით მიექანებიან დაღმართზე“,– განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საქართველოს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით კი, „ის, ვინც შეეცდება დესტაბილიზაციის მოხდენას და კანონის დარღვევას, უმკაცრესად დაისჯება!“.

ამის შესახებ მან გაზეთ "პრაიმთაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„დიახ, არის ასეთი ინფორმაცია. მათ სურთ რაღაც ზონდერ-ჯგუფების ჩამოყალიბება. შესაძლოა მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება. არის ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, გამოიწვიონ ქვეყანაში აურზაური და ეს კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაამყარონ. მე მგონი, ამას თვითონ საზოგადოება არ დაუშვებს, რადგან დღეს ქვეყანა დგას სწორ გზაზე. მთავარი პრობლემა, რაც გააჩნია საქართველოს, არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მერწმუნეთ, საქართველოს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის დაძლევის მიზნით. ოპონენტებს, რა თქმა უნდა, ექნებათ არეულობის  მცდელობები, მაგრამ ეს არის მხოლოდ მათი სურვილი და ასეთ იდეებს რეალობაში განხორციელება არ უწერია. მეტსაც გეტყვით, მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდნის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ თავიანთმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობიზილებას მოახდენენ. მე მჯერა, რომ ჩვენი ოპონენტები თავადვე მიხვდებიან, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას, ან ნებისმიერ ჩვენგანს რაიმე სიკეთეს მოუტანს“ – განაცხადა ჭიკაიძემ.

კითხვაზე, რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება ამ მიართულებით, მინისტრმა განაცხადა, რომ „დღეს შსს არ არის ის უწყება, რომელიც სურვილების და იდეების გამო, რა გინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს, დაიწყებს დაჭერებს“.

„მათ აქვთ თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ ჯგუფები, რომლებიც ეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენას, ხალხისა და ოპონენტების ცემას, რათა ეს ყველაფერი მერე სახელმწიფოს დააბრალონ, უმკაცრესად იქნებიან დასჯილი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, არ დავუშვათ ქვეყანაში დესტაბილაზაცია და აღვკვეთოთ ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მათ, პირველ რიგში, საზოგადოება უპასუხებთ და გაცილებით მკაცრად. საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სისხლი დაიღვარა. ეს ხალხს აღარ სჭირდება, ხალხს სჭირდება სიმშვიდე და ნორმალური განვითარება“ – დასძინა მინისტრმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT