Express News

ღარიბაშვილთან შეხვედრაზე „ქართულ ოცნებასთან“ კოაბიტირებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ


სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელმა თენგიზ ჯგუშიამ დღეს, 4 აპრილს ბრიფინგი გამართა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ზუგდიდში ვიზიტზე ისაუბრა
მისი სტუმრობა ფაქტობრივად გასაიდულოებული იყო, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს. არ მიუწოდებიათ საზოგადოების ფართო ფენებისთვის ინფორმაცია, სამეგრელოში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ. ის ფარსი, რაც ღარიბაშვილს რეგიონის ხელმძღვანელობამ და თვითმამრთველობის წარმომადგენლებმა მოუწყვეს, არის ხალხის პრობლემებისგან გაქცევა და საზოგადოების ინტერესებისთვის ზურგის შექცევა“, - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.
 „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელოვნურად აღმართა ბარიერები „იმ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის“ შესანიღბად, რასაც „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში ერთობლივად ახორციელებენ.

„სათოფეზე არ მიაკარეს პრემიერს ადგილობრივი მოსახლეობა თავისი რეალური პრობლემატიკით. ეს იყო ნაციონალური ანაქრონიზმი. ზუსტად ასე იქცოდა მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ზოგჯერ მაინც ახერხებდა ხალხში გასვლას. ბატონი ღარიბაშვილი კი სრულ ალყაში მოაქციეს“, - აღნიშნა ჯგუშიამ.

მანვე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს არ მიაწოდეს რეალური ინფორმაცია იმ მწვავე პრობლემების შესახებ, რაც რეგიონში დღემდე არსებობს. ნაცვლად ამისა, „დითირამბები უმღერეს, რომ ადგილზე კარგი ვითარებაა შექმნილი, ხოტბა შეასხეს და მადლობაც გადაუხადეს, ტურნეს სამეგრელოდან დაწყებისთვის“.

„მე არ ვიმყოფებოდი ზუგდიდში. მაინტერესებს, თუ მომეცემოდა შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა, სადაც სწორედ იმ პრობლემებზე ვისაუბრებდი, რაც მოსახლეობას აწუხებს. ათამდე სოფლის ასობით ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. მოიპარეს მილები ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მილიონობით ლარის ზარალია და ზის მინისტრი ნარმანია, ზუგდიდელი კაცი, ხმას არ ძრავს ამაზე. სამაგიეროდ პრემიერს წინასწარ შედგენილი კითხვებით მიმართეს და მხოლოდ უმნიშვნელო პრობლემებზე ესაუბრნენ“, - განაცხადა „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელმა.

თენგიზ ჯგუშიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე „ქართულ ოცნებასთან“ კოაბიტირებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ამ პირობებში კი მმართველი პარტიის რეალური მხარდამჭერები დადიანების ეზოს მიღმა აღმოჩნდნენ.

„პრემიერი სამეგრელოს რეგიონს უკეთ უნდა იცნობდეს. მან ვირტუალურ რეალობაში არ უნდა ამყოფოს საკუთარი თავი“, - აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში 2 აპრილს იმყოფებოდა. დადიანების სასახლის ეზოში გამართულ შეხვედრაზე, სადაც დასწრება მხოლოდ სპეციალური საშვის საშუალებით იყო შესაძლებელი, „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის და გუბერნიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT