დამოუკიდებელმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ექპერტიზის დასკვნებს ეხმაურება:
გუშინ თათუხაშვილის საქმეზე ორი ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა. დაზიანებათა ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებაში ეს ორი დასკვნა ურთიერთგამომრიცხავი იყო. ექსპერტმა გეჯაძემ "რუსთავი 2"–ის პირდაპირ ეთერში მომენტალურად შეცვალა თავისი დასკვნა და თქვა, სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის წინააღმდეგ ხანდაზმულობის ნაწილში არგუმენტები არ მაქვსო. ნუ, ყველას თავისი საქმე აქვს, მაგრამ რა ვქნა, ყველა დასკვნის ირგვლივ, როცა ვიკითხები სასამართლოში, ვიმეორებ: "ექსპერტის დასკვნა უნდა იყოს არგუმენტირებული და მეცნიერულად დასაბუთებული" (ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს სასამართლო ექსპერტიზის ღერძია), დაუსაბუთებელი დასკვნა არ უნდა გასცე და გაცემული დასკვნა უნდა დაიცვა. რისი დასაბუთების საშუალებასაც არ იძლევა საკვლევი მასალების სიმცირე, მე დასკვნას არ ვწერ სწორედ ამ მიზეზით _ საკვლევი მასალების სიმცირის გამო. ექსპერტიზის ოქროს წესია: "ექსპერტი შეიძლება შეცდეს, მაგრამ მას უფლება არა აქვს, გამოიგონოს". გუშინდელ გადაცემაში, ინგა გრიგოლიასთან, გიგლა აგულაშვილმა თქვა პრაქტიკულად იგივე, ოღონდ იურიდიული ტერმინოლოგიით: "ექსპერტის საალბათო დასკვნას მტკიცებულებითი წონა არ აქვს". ძლივს არ გავიგე გონივრული აზრი! ხოდა, თქვე დალოცვილებო, პარლამენტარებო, ყველა საგაზეთო ინტერვიუში გავიძახი, საპროცესო კოდექსი სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს ექსპერტიზებთან მიმართებაში-მეთქი. აუცილებლად ურმების ქარავანი უნდა გადაბრუნდეს, რომ კანონში ცვლილება შეიტანოთ?, _ აცხადებს ნიკოლაიშვილი.