Express News

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონიდან სამი ახალგაზრდა გაიტაცეს


ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში, რომელიც ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს, სავარაუდოდ, რუსმა ოკუპანტებმა სამი ადგილობრივი ახალგაზრდა გაიტაცეს.
ამის შესახებ “აფხაზეთის ხმას” ზუგდიდიდან აცნობეს. ახალგაზრდების გატაცება სოფელ შამგონაში, გალის რაიონის სოფელ თაგილონის მხრიდან რუსი ოკუპანტების ბოლოდროინდელ გააქტიურებასა და სამეგრელოში საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს დაემთხვა.
ჯერჯერობით დაუდგენელია მიმართულება, საითაც რუსმა ოკუპანტებმა შამგონელი ახალგაზრდები გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მათ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ედავებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო დღეებში რუსმა ოკუპანტებმა მდინარე ენგურთან სამშენებლო მასალები მოზიდეს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ხელახლა გავლება დაიწყეს, რა დროსაც გალის რაიონის მხარეს აღმოჩნდა ის ტერიტორია, რომელსაც ადრე ქართული მხარე აკონტროლებდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს არ იცოდნენ ახალგაზრდებმა, რომლებიც ჩვეულებრივ, ნაცნობი ბილიკით გადაადგილდებოდნენ, თუმცა, მოულოდნელად, რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ენგურის სანაპირო ზოლზე, ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსი სამხედროების მხრიდან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და ამ კუთხით გააქტიურების შესახებ განცხადება დღეს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაც გააკეთა.
არც რუსი სამხედროების მხრიდან გააქტიურებაზე, არც მოქალაქეთა გატაცებაზე ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია საქართველოს რომელიმე სამთავრობო სტრუქტურას.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT