იქნებ სწორედ ახალაიას არ აწყობდა შალვა თათუხაშვილი ცოცხალი, რადგან მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება?!,
იქნებ სწორედ ახალაიას არ აწყობდა შალვა თათუხაშვილი ცოცხალი, რადგან მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება?!, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და წინასწარ ვერაფერს იტყვის, რომ ვინმეს რამე არ დაბრალდეს. კობახიძის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობა აღნიშნული საქმით მანიპულირებს და სინამდვილეში არსებული ვითარებით დაინტერესებულიც არ არის.
"საბოლოო პასუხი გაეცემა ყველა კითხვას, როცა გამოძიება დასრულდება და დაიდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. შუალედურ ეტაპზე ცხადია ყველაფერზე პასუხი ვერ იქნება, რადგან ძიების პროცესი ნიშნავს იმას, რომ კიდევ იქნება საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელი, რათა ყველა ეჭვი გამოირიცხოს და ყველაფერს გაეცეს პასუხი. "ნაციონალური მოძრაობა" ამ საქმის პოლიტიზებას ახდენს, აბსოლუტურად დესტრუქცია შემოაქვს. მათი განწყობა ისეთია, რომ ფირების ყურება, ბოლომდე მოსმენა არ უნდათ. წინასწარი განწყობები აქვთ შექმნილი, რაც არასწორად მიმაჩნია და ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი საქმის ვითარებით არ არიან დაინტერესებული. არ არის სწორი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც, რადგან გამოძიებას საგამოძიებო ორგანო ატარებს, ექსპერტიზაც საგამოძიებო ორგანომ უნდა ჩაატაროს, დაკითხვები გამომძიებლებმა უნდა აწარმოონ. მხოლოდ ერთი კვირაა გასული, ამიტომ ასეთ საქმეზე პარლამენტი საგამოძიებო კომისიას არასდროს ქმნის. მე ასეთი კითხვა მაქვს - იქნებ სწორედ ახალაის არ აწყობდა ეს მოწმე ცოცხალი?! წავიდეს მაშინ გამოძიება ამ ვერსიით", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
interpressnews.ge