თბილისში, ათონელის 25-ში რეზიდენციის მშენებლობა გრძელდება, თუმცა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაოდ უკვე გადავიდა ავლაბრის რეზიდენციაში და როგორც ირკვევა ახალ შენობაში არც პრემიერი აპირებს გადასვლას."მე მაქვს ძალიან კარგი ოფისი, არ ვაპირებ შევიცვალო ჩემი სამუშაო ოთახი, საკმარისზე მეტი ფართი მაქვს", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს.
მანამდე, გასულ კვირაში, ათონელის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე კომენტარი გააკეთა რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შენდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა და სხვა რაიმე დავალება მთავრობის მხრიდან მას არ მიუღია.
"ჩვენ მთავრობის განკარგულებით და შესაბამისი პროცედურებით დავალებული გვაქვს, რომ ეს რეზიდენცია გავაკეთოთ როგორც საპრეზიდენტო რეზიდენცია. ამიტომ ის უნდა პასუხობდეს იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რაც წაეყენება ადმინისტრაციას. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ჩვენ სხვა რაიმე დავალება მთავრობის მხრიდან არ მიგვიღია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გიორგი მარგველაშვილი სამუშაოდ გადავიდა კანცელარიიდან ავლაბრის რეზიდენციაში.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირევლად განსაზღვრული იყო, რომ ათონელი ქუცაზე 26 მილიონიანი შენობა უნდა აშენებულიყო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისთვის, თუმცა გასული წლის ზაფხულში მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და გადაწყდა, რომ იქ განთავსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მოგვიანებით დაზუსტა მშენებლობის ხარჯები და როგორც "ნეტგაზეთს" რეგიონული განვითარების სამინისტროში რამდენიმე თვის წინ განუცხადეს, ამისთვის დაიხარჯება 21.5 მილიონი ლარი. მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულდეს.
netgazeti.ge