„არ ვიცი, არ ვიცი, არ ვიცი“ - ასე პასუხობს შორენა კითხვებს. ის იმდენად „გაახარა, გააკვირვა და დააბნია“ ბათუმის მერის გადაწყვეტილებამ, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირს. შორენა მამულაძე ბათუმის მერის მრჩევლად დაინიშნა. დღეიდან ის გიორგი ერმაკოვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ურთიერთობის საკითხების მოგვარებაში დაეხმარებაშორენამ შეთავაზება უშუალოდ გიორგი ერმაკოვისგან მიიღო. რამდენიმე თვის წინ მან „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მოქმედებაში'' - პროექტის ფარგლებში ერთი სამუშაო დღე ბათუმის მერთან ერთად გაატარა, მაშინ გიორგი ერმაკოვი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო:
„სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, დამშვიდობებისას მითხრა, რომ თანამშრომლობას გავაგრძელებდით. თუმცა მის ნათქვამს სკეპტიკურად შევხედე. არ მჯეროდა.“ - ამბობს შორენა.
შორენამ ჯერ არ იცის სად იქნება მისი სამუშაო ოთახი, არც ის იცის თუ რამდენია მერის მრჩეველის ხელფასი: „არც ის ვიცი, როგორ უნდა მიხაროდეს, რას უნდა ვგრძნობდე.“
ახლა სამსახურისთვის საჭირო დოკუმენტებს აგროვებს.
პირველი რითაც შშმ პირებისთვის მერის მრჩევლის რანგში შეეცდება რომ გააკეთოს, ეს ადაპტირებული გარემოს შექმნაზე ზრუნვა იქნება:
„ეს ყველაზე მთავარი პრობლემაა, რის გამოც მეც მიჭირდა და სხვებსაც უჭირთ.“ - ამბობს შორენა, რომელიც თავადაც შშმ პირია.
ამ დრომდე შორენა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ მუშაობდა.
„ ალბათ ორ ფრონტზე ვერ ვიქნები, ამიტომ ჩემს მეგობრებთან ვითანამშრომლებ, მათთან გავივლი ხოლმე კონსულტაციებს“ - ამბობს შორენა.
batumelebi.ge