საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიციები შეთანხმებულია და სრულ ჰარმონიაშია იმასთან, რასაც მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოება აკეთებს.
"უკრაინაში, სამწუხაროდ, გრძელდება რუსეთის აგრესია. ამის მოწმე ვართ ჩვენ, რამდენიმე თვეა. ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, დაიძაბა ვითარება. ის შეხვედრა, რომელიც შედგა მინსკში, ვერ აღმოჩნდა სიტუაციის დარეგულირებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მსოფლიომ, დემოკრატიულმა სამყარომ და, მათ შორის საქართველომ, უნდა გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რაც დღემდე იყო - უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელი ხალხის თავისუფალი არჩევანის უფლების უპირობო მხარდაჭერა და ყოველგვარი ძალადობის, აგრესიის დაგმობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი. ამასთანავე, პოლიტიკური განცხადებები არ არის საკმარისი ამ საკითხების მოსაგვარებლად. ამაზე მიუთითებს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის და წამყვანი სახელმიწფოს ლიდერის განცხადება, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული. საქართველო, მისი მთავრობა ამ კონფლიქტის განვითარების პირველი დღიდანვე ყოველდღიურ კოორდინაციაშია, ყოველდღიურ კონსულტაციებშია წამყვან სახელმწიფოებთან, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან . ჩვენი პოზიციები, განცხადებები, ქმედებები შეთანხმებულია, არის სრულ ჰარმონიაში იმასთან, რასაც მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოება აკეთებს და გააკეთებს მომავალში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.