ყოფილი დეპუტატის, იურისტ ვალერი გელბახიანის განცხადებით, ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის დავალებას, შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას დაქვემდებარებაში მყოფი პირები ასრულებდნენ.
გელბახიანმა ეს გაზეთ ,,ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.
,,ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს, თუ როგორ გეგმავდა სააკაშვილის რეჟიმი ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას. ,,ნაციონალებმა“ პატარკაციშვილის მოშორება ბევრჯერ სცადეს, მისი ლიკვიდაციისთვის ისინი სხვადასხვა გეგმას ამუშავებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ლონდონში 4 ადამიანი მიავლინეს, რომლებსაც პატარკაციშვილის ლიკვიდაცია დაევალათ. ამის შესახებ ბადრიმ იცოდა და ცდილობდა გაერკვია, ვინ უკვეთავდა მის ლიკვიდაციას. სწორედ ამ მიზეზით შეხვდა ის კოდუას საკუთარ სახლში“,- განაცხადა გელბახიანმა.
ყოფილი დეპუტატის შეფასებით, პატარკაციშვილის საქმის გამოძიებას არც ერთი ხელისუფლება არ აპირებს.
„დღეს ეს საქმე არაა გამოძიებული. წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ. გამოძიებას თუ სიმართლის დადგენა უნდა, ამ საქმეზე მეც უნდა დამკითხონ. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი და კოდუა საშიში მკვლელები იყვნენ“,-აღნიშნავს ვალერი გელბახიანი.