Express News

აფხაზეთიდან დევნილ 280 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა



აფხეზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 280 ოჯახს დღეს ფოთის ახალ რაიონში საცხოვრებელი ბინები გადაეცა. დევნილებისთვის 7 კორპუსი ევროკავშირის მხარდაჭერით აშენდა და ამისთვის 9 მილიონი ლარი დაიხარჯა. ბინების გადაცემის პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი, სიმონე ვოლკენსი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია დაესწრნენ. 
„წინა ხელისუფლება დონორების მიერ გამოყოფილ თანხებს ხარჯავდა ფუფუნებისთვის განკუთვნილ შენობებში. პარლამენტი და პრეზიდენტის რეზიდენცია სწორედ ასეთი ფუფუნების შენობებია. მათ ნაცვლად ხელისუფლებას დევნილებისთვის, რომ აეშენებინა ბინები, ახლა ბევრად ნაკლები დევნილი გვეყოლებოდა უსახლკაროდ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სოზარ სუბარმა. მისი განმარტებითვე, მინისტრობის პერიოდში სწორედ დევნილთა ბინების უზრუნვეყოფის საკითხი იქნება მისთვის პრიორიტეტული. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ზუგდიდში, სადაც განსახლების პროცესი შემოდგომაზე დაიწყება.

ეკა ბესელიას განმარტებით, წინა წლებისგან განსხვავებით დღეს დევნილებს სრულყოფილი ბინები გადაეცა, რომლებიც უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით და ელექტროენერგიით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობით, ახალი ბინების მფლობელებს დაურიგდებათ გაზქურა, წყლის და ოთახის გამათბობელი ტექნიკა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT