Express News

დღეს კაცი ვერ გაიგებს ბათუმის საბაჟოზე რა რეჟიმია-რა მოხდა მას შემდეგ, რაც "ქრონიკა" შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა?!


გაზეთი "კვირის ქრონიკა", ნანა სულავა 

წალკელი, ბერძენი ეროვნების ქალბატონი სვეტლანა მარტასოვა "ქრონიკას" დაუკავშირდა და უამბო, როგორ უმოწყალოდ ექცევიან ბათუმის საბაჟოზე მგზავრებსა და ავტობუსის მძღოლებს და სხვადასხვა ხერხებით როგორ ხდიან სულს ადამიანებს. 
   
სვეტლანა მარტასოვა: 
- საბერძნეთში შვილი მყავს გათხოვილი და იქ ხშირად მიწევს წასვლა. ბოლოს ერთი თვის წინ ვიყავი და რაც მაშინ ვნახე, ვთქვი, აწი აღარ წავალ-მეთქი. ახლა კი მითხრეს, გაცილებით უარესი მდგომარეობააო. როცა სააკაშვილი არჩევების წინ საბერძნეთში ჩავიდა, მაშინაც იქ ვიყავი. მან იცოდა, საკმარის ხმებს რომ ვერ მიიღებდა და იქ გადახვეწილ ქართველებს, ბერძნებს და სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა ათენში. იმ შეხვედრას მეც ვესწრებოდი, ვითომ ხალხისთვის მზრუნველმა პრეზიდენტმა გვითხრა: "რა გიჭირთ, რაში დაგეხმაროთ, მითხარით და გვერდზე დაგიდგებითო". ხალხმა კი პირში მიახალა, - ჩვენ თქვენ ხმას არ მოგცემთ, თქვენი საბაჟოს თანამშრომლები ტყავს გვაძრობენ, სიმწრით მოპოვებულ ლუკმას გვატანენ ახლობლები და თქვენი მებაჟეების დამსახურებით ისიც კი ვერ მიგვაქვს სახლამდეო. შეშფოთებული მიშა იქვე შეჰპირდა ხალხს, კონტროლზე ავიყვან თქვენს მოთხოვნებს და დღეიდან ამას ვერავინ გაბედავსო. სააკაშვილს მაშინ სჭირდებოდა და ნაწილობრივ მართლა შეასრულა დანაპირები და ერთხანობას მგზავრებმა და მძღოლებმა მართლა ამოისუნთქეს. მახსოვს, ავტობუსებიდან ჩანთებიც კი არ ჩამოგვქონდა, იქვე ადგილზე სინჯავდნენ სპეციალური აპარატებით, რომლითაც მებაჟეები მაშინვე იგებენ ნარკოტიკის არსებობას ან რაიმე აკრძალული ნივთი თუ არის, მაგრამ გავიდა სულ რაღაც მცირე დრო და ბათუმის საბაჟოზე ისევ ძველებურად დაიწყეს მგზავრებისა და მძღოლების დაწიოკება და გატყავება. 
- რა ხდება ასეთი? 
- დღეს კაცი ვერ გაიგებს ბათუმის საბაჟოზე რა რეჟიმია, ან რა კონტროლის თავისებურებებია. მეტიც, გაურკვეველია, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესი ჩვეულებრივ და სპეციფიკურ ტვირთებზე. ავტობუსი ცარიელია თუ სავსე, მნიშვნელობა არა აქვს, მძღოლებს მაინც ატყავებენ. მე ეკონომიკური განათლება მაქვს და ასეა თუ ისე, ვერკვევი არსებული საბაჟო-საგადასახადო სისტემის ავკარგიანობაში. ახლა ბათუმის საბაჟოზე იმდენი უკანონობა ხდება, ამის ახსნა შეუძლებელია. 
- ქალბატონო სვეტა, მაინც რა ნახეთ ან რა იცით ისეთი, რამაც ასე აგაღელვათ? 
- თქვენს გაზეთს იმიტომ დავუკავშირდი, რომ ვიცი, რასაც ახლა გიამბობთ, ერთ სიტყვას არ გამოაკლებთ და ისე გამოაქვეყნებთ. ამ ათიოდე დღის წინ წალკაში მშენებარე ეკლესიისთვის იქაურმა ბერძნებმა 500 ევროს ღირებულების საეკლესიო ნივთები გვიყიდეს და ერთ ჩემს ნაცნობს გამოატანეს, აღნიშნულ ნივთებს ყველა სათანადო დოკუმენტი ახლავს, ისიც კი, რომელ მაღაზიაში შეიძინეს, მაღაზიის ფაქტურა და რა თანხა გადაიხადეს. რომ დავხედე, ყველაფერი კანონისა და წესის მიხედვით არის დაცული, მაგრამ საეკლესიო ნივთები გაუგებარი მიზეზების გამო დღემდე განუბაჟებელია. ვინმე მებაჟემ ლუქი დაადო. ის, რომ საბაჟო გადასახადებისგან ვინმეს თავი აერიდებინა, მაშინ სხვა ამბავია. სულ 500 ევროს ღირებულების ხის საეკლესიო ნაკეთობებია, იქნება აუხსნას საბაჟოს ხელმძღვანელობამ ბერძნებს, რა შემთხვევაში დაირღვა კანონი, ვინ მოგვცემს ამაზე სათანადო განმარტებას, ან რა სახის აქტი შეადგინა მებაჟემ? ვიმეორებ, ეკლესიის ნივთებზეა ლაპარაკი, იქნებ ამ თემით საბაჟო დეპარტამენტის მოკვლევის სამმართველო დაინტერესდეს. მაინც, უსირცხვილოდ სულ გაჭირვებულ ხალხს როგორ დასდევენ, ართმევენ, აჯარიმებენ და ასი ათასობით და მილიონობით ღირებულებების საქონელი რომ შემოაქვთ ჩვენს წინა და დღევანდელი ხელისუფლების ნათესავებსა თუ ახლობლებს, მათ, რა თქმა უნდა, მწვანე გზას უხსნიან საბაჟოზე. ეს იმიტომ ხდება, ბატონებო, რომ 75 პროცენტი ისევ "ნაციონალების" ნარჩენებია საბაჟოზეც და ყველა რგოლში. ამას კარგად ვხედავთ, მე არა მგონია, ქვეყნის პრემიერმა, რომელსაც პატივს ვცემ, ეს იცოდეს და რეაგირება არ მოახდინოს. საინტერესოა, ამაზე რას ფიქრობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური?.. აგერ, სამი დღის წინ, ჩემი გაჭირვებული კარის მეზობელი ჩამოვიდა საბერძნეთიდან და იმან კიდევ უფრო შემაშფოთებელი ფაქტები მითხრა. ბათუმის საბაჟოს უფროსის დავალებით, ღამის 3 საათზე ავტობუსებიდან მგზავრები ჩამოუყრიათ, ჩანთებიც ზედ მიუყოლებიათ თურმე და საბაჟოს უფროსი რომ უყურებდა, ისე, საათობით ჩხრეკდნენ მგზავრებს. მერე ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში ეზიდებოდნენ დილამდე მგზავრები თავიანთ ნივთებსა და ჩანთებს. როგორც ბომჟებს, ისე ექცეოდნენ თურმე მგზავრებს. ავტობუსის მძღოლებს ხომ ატყავებდნენ და ატყავებდნენ. ამის მსგავს რამეს, ხომ გამოვიარეთ საბერძნეთი-თურქეთის საბაჟო, ვინ გაკადრებს, ან ვინ გაბედავს, რასაც ქართველი მებაჟეები სჩადიან, ეს დანაშაულია, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს და იმიტომაცაა ასეთი მდგომარეობა. რაც კარის მეზობელმა მიამბო, ანალოგიური სურათი, ვინ იცის, რამდენჯერ მინახავს ბათუმის საბაჟოზე. 
   
"ქრონიკამ" კომენტარი სთხოვა შემოსავლების სამსახურის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, თამარ ანდრიაძეს. ის ჩემთან სატელეფონო საუბრისას გულწრფელად შეწუხდა სარფის საბაჟოზე არსებული მდგომარეობით და მთხოვა, ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, დამაკავშირეო. დამპირდა, შესაბამის ზომებს მივიღებო. მართლაც, ჩემს რესპონდენტს ჩემი საუბრიდან სულ რაღაც წუთებსა თუ წამებში სარფის საბაჟოს უფროსი ირაკლი თევდორაძე დაუკავშირდა... ფაქტი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მან გამაოგნებელი ამბავი უთხრა, - ტერმინალზე საეკლესიო ნივთები ვერ ვიპოვეთო. გაკვირვებულ ჩემს რესპონდენტს უპასუხია, - კარგად მოძებნეთ, ბატონო, სად წავიდოდაო?!. მებაჟეს საქონლის ჩამორთმევის აქტი არ ჰქონდა დაწერილი. ამიტომ საბაჟოზე შეიქმნა ასეთი დასაბნევი სიტუაცია. ბოლოს გამოაჩინეს საეკლესიო ნივთები. საბაჟოს უფროს გულისხმიერება გამოუჩენია და უთქვამს, რომ სათანადოდ მოგვარდებაო... როგორც მივხვდი, შემოსავლების სამსახურში არ არიან ინფორმირებულნი, მგზავრების მომსახურებისას რა ოპერაციები სრულდება საბაჟოზე. არადა, ხალხს საქონლის შემოტანა უნდა, კანონიერად ბაჟის გადახდაც, მაგრამ გატყავება და შეურაცხყოფა - არა!.. 

alia.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT