უგულავას შემდეგ ბოკერიას დაიჭერენ ?
გიგი უგულავას დაკავებამდე დაახლოებით ერთი თვის წინ იურისტმა ვალერი გელბახიანმა ერთ -ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანაში რეპრესიული მანქანა ამუშავდებოდა ადა მასობრივი დაჭერები დაიწყებოდა. გელბახიანმა შესაბამისი გვარებიც ახსენა. პირველი რიგის ამოცანად მან უგულავას დაჭერა დაასახელა, შემდეგ კი უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიასი. ფლობდა თუ არა ერთი თვის წინ უგულავას დაჭრის ინფორმაციას ყოფილი პარლამენტარი და კვლავ ფიქრობს თუ არა ახლა, რომ შემდეგი ვისაც დაიჭერენ ბოკერია იქნება, ამის გასარკვევად პირველი რადიო გელბახიანს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია არავის მოუწოდებია და ეს პროცესებზე დაკვირვების შემდეგ მისი პირადი ვარაუდი იყო. გელბახიანი აცხადებს, რომ მისი ვარაუდი გამართლდა და ის ახლაც არ გამორიცხავს, რომ შემდეგი ვისაც დააკავებენ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი იქნება. „ვიდრე ბოკერია არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი თავი, ის ბუნებრივია ყოველთვის იქნება საშიში ქართულ პოლიტიკაში, რეალობაა და როგორც ხედავთ ნაც მოძრაობა არ გატყდა, ორგანიზებული ძალაა და ყველა არჩევნებში საკმაოდ სერიოზულ შედეგებს აფიქსირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ ის არ დაკარგავს ამ ელექტორატს და სავარაუდოდ სამომავლოდ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოახერხებს ხელისუფლების დაბრუნებას. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს საჭიროა ნაციონალური მოძრაობის დაფერთხვა, თავების ანუ ზომბების, მმართველი ნაწილის ჩამოშლა გახდება აუცილებელი და თუ თავი მოიშალა ტანი ვეღარ იმოძრავებს ისე, როგორც საჭიროა, გამომდინარე აქედან მათი პოლიტიკური ლიდერები საფრთხეს წარმოადგენენ და ეს პრევენციაა, რომელსაც დღეს მმართველი ხელისუფლება მიმართავს, ეს არის ლოგიკა და დანარჩენი ამ ლოგიკის მიხედვით მიდის. ბოკერიას მიმართ რამდენჯერმე გაცხადდა, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრები არამიზნობრივად აქვს დახარჯული“- განუცხადა ვალერი გელბახიანმა პირველ რადიოს