ზუგდიდის მერობის კანდიდატი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი გოგოხია, მის ნასამართლეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მერობის კანდიდატმა „ლაივპრესს" განუცხადა, რომ დაკავება 2010 წლის 1 ოქტომბერს ბიზნესზე ზეწოლის მიზეზით, ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაის კაბინეტში დაიგეგმა:
„წარმატებული ბიზნესი მქონდა. შემდეგ დაიწყეს კლანური გარჩევები. ჩემი დაკავება ერთი ადამიანის კაბინეტში დაიგეგმა, რომელიც მაშინ ყველაფერს განაგებდა სამეგრელოში და ეს იყო როლანდ ახალაია".
ირაკლი გოგოხია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 210-ე მუხლით გაასამართლეს, რაც თაღლითობას და ყალბის დოკუმენტების დამზადებას გულისხმობდა და რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. მას ნასამართლეობა მოხსნილი აქვს.
ირაკლი გოგოხია აცხადებს, რომ ციხიდან ყოფილმა ხელისუფლებამ 2011 წლის იანვარში იმ მიზეზით გაათავისუფლა, რომ განმუხურში სასტუმრო აეშენებინა.
„ის ხელისუფლება კიდევ რომ დარჩენილიყო, მე ახლა კვლავ ციხეში ვიქნებოდი. ისეთ რაღაცებს ითხოვდნენ რისი შესრულებაც არ შემეძლო. ორი ბენზინგასამართი სადგურის გაყიდვა მომიწია, სასტუმროს მშენებლობა რომ არ გამეჩერებინა“, - აცხადებს ზუგდიდის მერობის კანდიდატი.
ირაკლი გოგოხია კანდიდატად წარდგენის შემდეგ ზუგდიდში დღეს ჩამოვიდა. მასთან ინტერვიუს „ლაივპრესი“ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.