„დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი“-ის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტს კიევიდან ეხმაურება. ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ შს მინისტრი ჭიკაიძე ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და აცხადებს, რომ ის უნდა გადადგეს.
,,რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მთავრობა კრიმინალს გვაჩვევს. დღეს საქართველოში ცემენ, აინვალიდებენ და კლავენ ადამიანებს, ხოლო მთავრობის განცხადებებით საგანგაშო ამაში არაფერია. ამ ყველაფერმა უკვე ბუნებრივი სახე მიიღო - თითქოს ეს ასეც უნდა ხდებოდეს.
ბატონი ჭიკაიძე უბრალოდ უუნაროა და მან პასუხი უნდა აგოს.
ჭიაბერაშვილისა და ლადარიას ცემაც სხვა მრავალი ფაქტების ჯაჭვის ნაწილია, და ეს დაუსრულებლად გაგრძელდება თუ არ აგებს პასუხს ის, ვისაც ევალება დანაშაულის პრევენცია.
ხალხში უკმაყოფილება და შიშია, ადამიანებს ქუჩაში „ასამართლებენ“ და სჯიან, ხოლო ადამიანის უფლებადამცველი პარლამენტის წევრი ქუჩურ გარჩევებს აპრავებს. საგანგაშოა ფაქტი, რომ ხელისუფლებისთვის პირადი ანგარიშსწორება მიღებული ფორმაა.
ხალხს სჭირდება სიმშვიდე, ამისათვის ჭიკაიძე უნდა გადადგეს და დაინიშნოს პირი, ვინც საქმეს თავს გაართმევს“, - აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.