Express News

თეა წულუკიანი: სექსუალური უმცირესობის ჩაგვრა ბარბაროსობაა



სოციალურ ქსელებში განხილვის თემაა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება, რომელიც მან 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა. კერძოდ, მან პირველი არხის გადაცემაში - "დიალოგი დავით პაიჭაძესთან ერთად" განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობის ჩაგვრა ბარბაროსობაა.
"ეს ადამიანები, გეები გამოდიან, რათა თქვან "გამარჯობა, ჩვენ ვარსებობთ," რადგან ისინი ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვეპლები, მათ შორის თავიანთი მშობლების მხრიდანაც. ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდა ბიჭი იღვიძებს და ხვდება, რომ მას ქალი კი არ მოსწონს, მოსწონს კაცი. ასეთი რაღაცები არსებობს, ეს ამ ადამიანების გამოგონილი არ არის. როდესაც ადამიანი იღვიძებს ასეთი განცდით და იმის გათვითცნობიერებით, რომ მე ვარ უმცირესობა. არ შეიძლება რომ ამის გამო მას ვინმე თავს დაესხას, გალახოს, რადგან ეს არის ბარბაროსობა. ეს არ არის ჩვენი ქართული საზოგადოების სახე, მე ამის მწამს,” - აღნიშნა წულუკიანმა.
 მისივე თქმით, არ შეიძლება ცივილიზებული ადამიანები ერთმანეთს უჭვრიტინებდნენ, ვის ვისთან სძინავს.
 "ჩვენი თვალთახედვის არე უნდა მთავრდებოდეს გარკვეული ოთახის კართან. ამის იქით ჭვრიტინი არის უხამსობა და უმსგავსო" - დასძინა წულუკიანმა.
 იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას სოციალურ ქსელებში ძირითადად დადებითად აფასებენ როგორც ახალი, ისე ძველი მთავრობის მხარდამჭერები.
 "კარგია მარწყვიც და გაზაფხულიც, მაგრამ რომ არ ვთქვა, არ შემიძლია, დღეს თეა წულუკიანმა ჩემი გული მოიგო", "ვაჰ! ამან ეტყობა თავი რაღაცას მიარტყა და გაუნათდა :-)", " ძალიან თამამი განცხადება იყო და მისასალმებელია. სამწუხაროდ, იქიდან, საიდანაც სულ ანათებდა, მსგავსი განცხადებები არ მახსენდება...", "ამ ქვეყანაში, მსგავს განცხადებას სჭირდება პოლიტიკური გამბედაობა. Respect! ნიუანსებს არ ვუღრმავდები", "Respect იუსტიციის მინისტრს. იგი, როგორც რეიტინგული პოლიტიკოსი, არაპოპულარული განცხადების გაკეთებას არ შეუშინდა და ეს დასაფასებელია", "აი, ქალი! ბრავო! არავის უთქვამს ეს წინა ხელისუფლებაში, უთქვამს კი არა, მმკ-ს აქეზებდნენ. მთავარია, ბოლომდე გაიტანოს და დაარწმუნოს ხალხი, რომ ესენი გაცილებით ნაკლებ საშიშნი არიან ვიდრე "აიდი" ბარათები:)))", "უკაცრავად,მაგრამ თეასაც აურევია რა!:))არ შეიძლება ადამიანის ქება,თავში უვარდებათ მაშინვე!აბა საბერძნეთში გამოვიდნენ გეები და მოაწყონ პარადი,თუ თქვენ ბერძნებზე მეტი დემოკრატები ბრძანდებით?ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებს თურმე ბიჭი და ხვდება ქალი არ მოსწონს! ნუ გაიღვიძებს საერთოდ", "გაღვიძების იზმენას ავიკიდებ და ძილში გავიპარები იმდენს იზამთ :D :D :D", "თავის უკანალს რაც უნდა ის უქნან... ვის რაში აინტერესებს მაგათი ცემა! პაციენტი კი არ უნდა გეზიზღებოდეს არამედ უნდა გეცოდებოდეს!", "ის, რაც არასდროს გვსმენია ნაცმოძრაობისგან ან რომელიმე wanna-be ლიბერალისგან!", "თეა წულუკიანი ისეთ (კარგ) განცხადებებს აკეთებს, რომ მგონი, განიხუნა...", "თემა გასაგებია მაგრამ ID ბარათთან დაკავშირებითაც რომ მსგავსი კომენტარით შემოფარგლულიყო დავიჯერებდი მის ადეკვატურობას" - წერენ ვებმომხმარებლები.
ცნობისთვის, 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთშორიშო დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ. 13 საათზე ორგანიზაცია "იდენტობა", "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჟგუფი" და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აქცია- ფლეშმობს გამართავენ. ცისარტყელის ფერებში ჩაცმული აქციის მონაწილეები ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის ფაქტებს გააპროტესტებენ საქართველოში. აქციის ანონსი სასტუმრო "რედისონში" აქციის ორგანიზატორებმა წარმოადგინეს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT