საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ საქართველო არის მზად, გახდეს ნატოს შემდეგი წევრი და თუმცა ესმის, რომ აქამდე ჯერ გზაა გასავლელი, შუა ეტაპზე MAP-ი, მისი აზრით, ძლიერი სიგნალი და მესიჯი იქნებოდა.
ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ დღეს, ნატოს კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე "გზა ნატოსკენ: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაფართოება" სიტყვით გამოსვლისასა განაცხადა და დაამატა, რომ თუ ასე არ მოხდება, არის შანსი, რუსეთმა აგრესიული პოლიტიკა და საზღვრების გაფართოება გააგრძელოს:
„თუ შემდგომი მხარდაჭერა არ მოხდება, ეს ყველასთვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის, ასპირანტი ქვეყნებისთვისაც, ნიშნავს, რომ ჩვენ ვეღარ ვიქნებით პარტნიორი, ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი კომფორტულები, რადგან არის შანსი, რომ რუსეთი გააგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას და საზღვრების გაფართოებას. ეს იქნება დამანგრეველი სიგნალი ყველასთვის, რეგიონისთვის და რუსეთის ფედერაციისთვის.
ომი გახლავთ პოლიტიკის გაგრძელება. ჩვენ ვიცით, რა მოხდა უკრაინაში, რა ხდება რეგულარულად რეგიონში, ეს იმის დამადასტურებელია, რომ რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება უახლოეს მომავალში. ჩვენ გვჭირდება ერთად განვავითაროთ და გამოვიყენოთ ძალიან გონივრული ეკონომიკური სანქციები სამხედრო შემაკავებელთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურა, სამხედრო აქტივები უნდა განთავსდეს არა მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებში, არამედ პარტნიორ ქვეყნებშიც. საქართველო მზად არის გახდეს ნატო-ს შემდეგი წევრი.
ვიცით, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ MAP-ი შუა ეტაპზე იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი და მესიჯი, რომელიც ნატო-ს შეუძლია გამოგზავნოს ჩვენი მისამართით", - თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თბილისში, ნატოს კვირეულის პირველ დღეს.