Express News

'ნაციონალების' ლიდერებს ახალციხეში ბოთლები ესროლეს


„შორს სისხლიანი ხელები“, „ნაცებო მოცოცხეთ“, „აღარ გვინდა კრიმინალები პოლიტიკაში“, „სამცხე- ჯავახეთი ვანოსი აღარ არის“, - მსგავსი ტრასფარანტებით დახვდნენ 7 აპრილს, ახალციხეში, შტაბის რაიონულ სხდომაზე მყოფ „ნაციონალების ლიდერებს“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციაში გიგი უგულავა, მიხეილ მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი და საპარლამენტო უმცირესობის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. 

მათ შენობასთან ტრანსფარანტებითა და შეძახილებით რამდენიმე ათეული ადგილობრივი დახვდა, მათ შორის იყვნენ: „ქართული ოცნების“ წევრები, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ წევრები. ერთ-ერთი მოქალაქე „ქართული ოცნების“ ატრიბუტიკით, ქუდით გადაადგილდებოდა. 

აქციის მონაწილეებმა შენობასთან შეკრებამდე ქალაქში მსვლელობა გამართეს. შენობასთან მისულები რუპორით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ხალხში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ. მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა შენობა დატოვეს და მანქანებში ჩასხდნენ, აქციის რამდენიმე მონაწილემ მათ ავტომობილებს პლასტმასის ბოთლებიი ესროლა. 

„შევიტყვეთ, რომ დამნაშავე პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი პირები აპირებდნენ ჩამოსვლას ახალციხეში. მათ უნდათ ტვინი გაუბურღონ, შეუტრიალონ ხალხს და აურიონ რაიონი. აქედან გამოდინარე, გადავწყვიტეთ ვამხილოთ ესენი და საინფორმაციო შეხვდრა დავგეგმეთ საზოგადოებასთან“, - განაცხადა აქციის მონაწილემ როინ თაქთაქიძემ.

„ეს ანტინაციონალური მოძრაობა გამოდგა, გააუბედურეს ეს ქვეყანა, ანტიეროვნულ საქმეებს სჩადიოდნენ და ამიტომ ხალხმაც უარი უთხრა 2012 წლის 1 ოქტომბერს. მაქსიმალურად უარს ეტყვის ადგილბრივ არჩევნებზეც. „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ეს აწუხებს და იმიტომ დაძვრებიან რაიონებში. როგორ გაბდეს ახალციხეში ჩამოსვლა, მას შემდეგ, რაც ჩვენს რეგიონს გაუკეთეს“, - განაცხადა ადიგენში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელმა გოდერძი კუბლაშვილმა.

აქციას ესწრებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ ტალახაძეც, რომელმაც აქციაზე ყოფნა ასე ახსნა: "ნაციონალებს“ აღარ აქვთ უფლება ახალციხეში ჩამოვდინენ და აგიტაციას ეწეოდნენ, ესენი წასული პოლიტიკოსები არიან, ჩაძირულებად ვთვლი მათ, ამიტომ გავაპროტესტეთ“. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ეს არასერიოზული ნაბიჯი იყო. 

„მე ვერ ვხედავ აქ ისეთ სახეებს, რომლებიც კოალიციის ლიდერებს წარმოადგენდნენ. უფრო მგონია, ინიციატორთა ჯგუფის მხრიდან მოხდა ეს, რომლებსაც უნდათ მსგავსი ქმედებებით სახელი მოიხვეჭონ. ალბათ რაღაცას აპირებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, მაგრამ მსგავსი აქციებით რამდენად შეძლებენ ამას, ვერ გეტყვით. მე მგონი ,რომ უკურეაქცია ექნებათ“, - განაცხდა „სამხრეთის კარიბჭესთან“ გელა დემეტრაძემ. 

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


http://sknews.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT