Express News

რა ხდება სამეგრელოში? "ქართული ოცნების" წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარტია პროტესტის ნიშნად დატოვა


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დატოვა „ოცნების“ წალენჯიხის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ბერდია კალანდიამ. მისი განცხადებით, დღეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაკარგა კომუნიკაცია მოსახლეობასთან და და მათ საჭიროებებს და ინტერესს გაემიჯნა. გადაწყვეტილებაც, რომ შექმნილ ვითარებაში ვერ ითანამშრომლებდა პარტიის წარმომადგენლებთან, ამ გარემოების გათვალისწინებით მიიღო. 


„ქართული ოცნება“ აივსო „ნაციონალებით“. დღეს პარტიის რიგებში მოდიან ის ადამიანები, რომლებიც მძიმე წლებში არ იდგნენ ჩვენს გვერდით. იმიტომ ვიბრძოდით, რომ შეგვეცვალა სიტუაცია და ნორმალური, არაკორუმპირებული ადამიანები მოსულიყვნენ. ვერ ვითანამშრომლებ იმ ადამიანებთან, რომელთა წინაპრებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დახვრეტის მოთხოვნის ხელმოწერების ორგანიზატორები იყვნენ. მე არ მინდა გოგა გულორდავა, რომელიც ქრთამის აღების გამო იჯდა ციხეში, იყოს პარტიის თავმჯდომარე“, - განუცხადა ბერდია კალანდიამ „ლაივპრესს“. 

მისივე თქმით, გავრცელდა წალენჯიხის თორმეტი სოფლის მაჟორიტართა სია, რომელთაგან არცერთი არ წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“, სამაგიეროდ კი თითქმის ყველა მათგანი „ყოფილი „ნაციონალია“.

„მათ დაკარგეს კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ამ ყველაფერს ვაპროტესტებდი და პარტიის წევრებთან უთანხმოების მიზეზიც ეს იყო. თავმჯდომარის პოსტიდანაც ამიტომ გამათავისუფლეს. „ქართული ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი არ არის დასაქმებული. იგნორირებულები არიან. პარტია არ არის მარტო დავით ბელქანია და გოგა გულორდავა“, - აღნიშნა ბერდია კალანდიამ.

მანვე შეაფასა ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე წალენჯიხის გამგებლის არჩევა:

„პირადად ჩემთვის მიუღებელია, გოგა გულორდავა ხელმძღვანელობდეს ადგილზე „ქართულ ოცნებას“. მე თუ ცუდი ვარ, მინდა ჩემზე უკეთესი მოვიდეს. ჩემს ცხოვრებაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრობა იყო შავი ლაქა. აღარ ვაპირებ მომავალში რომელიმე პარტიის შემადგენლობაში ვიყო".

ბერდია კალანდიას ბრალდებებს აბსურდული უწოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანიამ.

„რა იცის ბერდია კალანდიამ, რა დაკარგა ადგილობრივმა ხელისუფლებამ? საიდან დაასკვნა? ხედავს ანგარიშს, რასაც გამგებელი მოსახლეობას აბარებს? ან იმ შეხვედრებს, რომელსაც მათთან ვმართავთ? მის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არავითარი იგნორირება არ ხდება „ქართული ოცნების“ წევრების. ბერდიას გამიჯვნით დაიღუპა პარტია? პირიქით, უფრო უკეთ იქნება ყველაფერი“, - განუცხადა დავით ბელქანიამ „ლაივპრესს“.

რაც შეეხება „ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის კიდევ ერთ ბრალდებას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის შესახებ, საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა:

„ბერდია კალანდია „ნაციონალებთან“ ბანკეტებზე ცეკვავდა, როცა საკრებულოში მუშაობდა. ვინ არის, თავადაც არ იცის. არ წარმოადგენს ისეთ ფიგურას, პარტიამ მას შეუთანხმოს, ვის კანდიდატურებს წამოაყენებს პარტია მაჟორიტარებად. ეს კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეროგატივაა და არა ვინმე ბერდია კალანდიასი. სია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იქნება ცნობილი“, - გვითხრა დავით ბელქანიამ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT