მე მოვკალი სანდრო და სხვები! ეს აღიარებაა. უტყუარი ფაქტი, რომელსაც არ სჭირდება სიმართლის დეტექტორზე გადამოწმება, არც დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და მით უფრო - არც ახალ გარემოებებზე ღირს საუბარი.
ყველა შედეგს თავისი მიზეზი აქვს, ანუ როგორც სამართალდამცავები თუ გამომძიებლები, მოკლედ, სამართალმცოდნეები ამბობენ - ყველაფერში და განსაკუთრებით დანაშაულში არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ამ აღიარების მიზეზი კი, არც მეტი, არც ნაკლები შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებაა. შეგნებულად არ ვამბობ მკვლელობას, რადგან სიკვდილი გულის გაჩერებამ გამოიწვია, როდესაც შალვა საკუთარ სახლში იმყოფებოდა. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ის ვინმემ, კონკრეტულმა პიროვნებამ ან პირთა ჯგუფმა მოკლა, აბსურდულია. მაგრამ სიცოცხლის მოსპობას ათასგვარი დეფინიცია აქვს... ადამიანი შეიძლება მოკლა, შეიძლება თვითმკვლელობამდეც მიიყვანო, შეიძლება, შეიძლება, შეიძლება...
ყველაზე უცნაური კი ამ ყველაფერში, ანუ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებაში, ის იყო, რომ მამამისმა - გოგი თათუხაშვილმა არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ სამართალდამცავებიც გააფრთხილა შესაძლო ფატალური შედეგის შესახებ. ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე - ეტყობა, მამის გულმა თუ გონებამ მოსალოდნელი საფრთხე იგრძნო და თავდაცვის ინსტინქტი ჩაირთო. რომ არა მისი წერილი, ანუ მისი გაფრთხილება, შალვას გარდაცვალების გამო, შესაძლოა, არც არავის ჰქონოდა სინდისის ქენჯნა და არც მე მეღიარებინა - მე მოვკალი სანდო და სხვები!
ახლა მეტყვით, მკვლელს როგორ შეიძლება სინდისი ქენჯნიდესო. კი, შეიძლება! ეტყობა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც იაზრებ პასუხისმგებლობას რაღაცის ან ვიღაცის წინაშე. როდესაც სინდისი გქენჯნის.
ამ დღეებში ბევრგან მოვისმინე და წავიკითხე, რომ ის იყო მკვლელი და ახიც არის, თუ მოკვდა. კიდევ სხვა ბევრი რამ მოვისმინე. მაგრამ უცებ ასეთი აზრი გამიჩნდა - ვინ ამბობს ამას? შალვა ხომ ჯარისკაცი იყო - ფორმა ეცვა! კლავდა? ვისი მითითებით? - ხელისუფლების, ცალკეული ჩინოვნიკების, მოკლედ, სახელმწიფოს სახელით! და სახელმწიფო ვინ არის? განმარტება:სახელმწიფო ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც განსაკუთრებული აპარატისა და საჯარო ხელისუფლების მეშვეობით ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებამოსილებას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობასა და მთლიანობას, ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალს ანიჭებს საყოველთაო სავალდებულო მნიშვნელობას, რომელიც არის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერებისა და მართლწესრიგის გარანტი. ანუ? კი, მეც დავიბენი. რა გამოდის - ჩემი და შენი სახელით, ჩემთვის და შენთვის?.. ფიქრისგან გამაჟრჟოლა, გამცრა ტანში, გონება ამერია... განსაკუთრებული აპარატი და საჯარო ხელისუფლება ხომ ჩვენი დაქირავებულია და პასუხისმგებლობაც ხომ ჩვენზეა. იმ პასუხისმგებლობას კი არ ვამბობ, ჯერ რომ ავირჩევთ და ამ არჩეულებს მერე ბატონებად ვაქცევთ და ყმებივით კი არა, მონებივით ვერთხმით ფეხქვეშ.
ამ დღეებში ბევრგან მოვისმინე და წავიკითხე, რომ ის იყო მკვლელი და ახიც არის, თუ მოკვდა. კიდევ სხვა ბევრი რამ მოვისმინე. მაგრამ უცებ ასეთი აზრი გამიჩნდა - ვინ ამბობს ამას? შალვა ხომ ჯარისკაცი იყო - ფორმა ეცვა! კლავდა? ვისი მითითებით? - ხელისუფლების, ცალკეული ჩინოვნიკების, მოკლედ, სახელმწიფოს სახელით! და სახელმწიფო ვინ არის? განმარტება:სახელმწიფო ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც განსაკუთრებული აპარატისა და საჯარო ხელისუფლების მეშვეობით ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებამოსილებას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობასა და მთლიანობას, ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალს ანიჭებს საყოველთაო სავალდებულო მნიშვნელობას, რომელიც არის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერებისა და მართლწესრიგის გარანტი. ანუ? კი, მეც დავიბენი. რა გამოდის - ჩემი და შენი სახელით, ჩემთვის და შენთვის?.. ფიქრისგან გამაჟრჟოლა, გამცრა ტანში, გონება ამერია... განსაკუთრებული აპარატი და საჯარო ხელისუფლება ხომ ჩვენი დაქირავებულია და პასუხისმგებლობაც ხომ ჩვენზეა. იმ პასუხისმგებლობას კი არ ვამბობ, ჯერ რომ ავირჩევთ და ამ არჩეულებს მერე ბატონებად ვაქცევთ და ყმებივით კი არა, მონებივით ვერთხმით ფეხქვეშ.
შალვას დაკრძალვის შემდეგ მამამისმა გოგი თათუხაშვილმა თქვა, - უფალმა ყველას მოგაგოთ კუთვნილებისამებრ... ყველასო... ე.ი. მათ შორის მეც. არა, მერამდენედ უნდა მოვისმინო ეს სიტყვები, მერამდენედ, და ამას ხომ გაძლება უნდა. მერამდენედ უნდა დავდგე ფაქტის წინაშე, როდესაც სახელმწიფოს - დიახ, სახელმწიფოს მიერ შეკვეთილი მკვლელობის შემდეგ სახელმწიფო მამები ჩემკენ და ჩემისთანებისკენ გამოიშვერენ ხელს.
ბოლოს ეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. გახსოვთ? - გირგვლიანი ჩემთვის შავი ლაქაა, მე არ ამომდის მეხსიერებიდან დედამისი, ირინა ენუქიძე. ის ქალი ცამდე მართალი იყო. ის, ვინც გირგვლიანი მოკლა, ნამდვილი ცხოველი, არაკაცი და არაადამიანი იყოო. ჰო, ასეა საჭირო, ეს პოლიტიკაა - პოლიტიკოსები უნდა გადარჩნენ...
დარწმუნებული ვარ, ხვალ თუ ზეგ იმათი უმეტესობა, ვინც დღეს შალვაზე იძახის, მკვლელი იყოო და არც არაფრად დაგიდევთ მის ნაწამებ სხეულს, მის ნაიარევ (ნამდვილად მსუბუქი ფორმაა) სულს - მინიმუმ თავიანთ საძმოში, უბანში, თუ საჭირო გახდა, საჯარო შეხვედრებისას, მიტინგებზე, დემონსტრაციებზე... მისი სიცოცხლით დაიწყებენ სპეკულირებას. ასე იყო მაშინაც - სანდროს, ბუტას და სხვების დროსაც! მერე ამათ უკან გამოყვება ათი, ასი, ათასი "პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე". რა სასაცილოა არა? "პასუხისმგებლობის მქონე". მერე, ოდესმე, ქვეყნის პირველი მოქალაქეც "პასუხისმგებლობით" იტყვის - შავი ლაქა... არა, ეს ნაკლებად სარწმუნოა. იქნებ დღევანდელმა პირველმა ხელისუფალმა თქვას. თუმცა პირველი რომელია, ეგეც ვერ გავარკვიე ჯერაც.
მაგრამ მაშინაც, მერეც, ახლაც სულ ერთი აზრი მიტრიალებს თავში - საქართველოში "პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე" რომ არსებობდეს, გააბედნიერებდნენ სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქისა თუ მოქალაქეების მოკვლას, თვითმკვლელობამდე მიყვანას, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას?
"პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე" მისცემდა სახელმწიფოს თავხედობისა და თვითნებობის ინდულგენციას? "პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე" ან "ცოცხს" აკადრებინებდა ვინმეს ან შემდეგ ამ "ცოცხით" მანიპულირების უფლებას გააცოცხლებდა?
მე მოვკალი სანდრო და სხვები! რატომ? იმიტომ, რომ მაშინ, იმ დროს ყველამ პირი შეკრა და... ყველა ხედავდა მხოლოდ, რომ "თბილისი სინათლის ქალაქი" იყო; ხედავდა "განახლებულ სიღნაღს"; ხედავდა ავტობანის უპირატესობას; ხედავდა მშვენიერ ბათუმს, ზუგდიდს, რუსთავს... ქრთამი - არა, წყალი და დენი - კი, სხვანაირი პოლიციელი, სხვანაირი მოხელე. და განა მეტი უნდა "პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეს"? არა! და ამიტომაც ამ სიკეთეებმა იმდენად მოსჭრა ყველას თვალი, რომ სახელმწიფოს ძალადობა, სახელმწიფოს ჩინოვნიკების თავხედობა - "მერე რა", "ხდება ხოლმე", "ყველა უშვებს შეცდომებს" შეფასებებში მოექცა. მერე? მერე კი ეს "მერე რა", "ხდება ხოლმე" და "ყველა უშვებს შეცდომებს" გახშირდა და გასასტიკდა. სიკვდილი მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახისთვის გახდა ტკივილი და სხვებისთვის მეტწილად პოლიტიკური სპეკულაციისთვის საჭირო მოცემულობა. ამიტომაც ადამიანის მოკვდინება, მასზე ძალადობა იქცა ნორმად. მთავარი იყო, რომ "პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე" აბსოლუტურად უპასუხისმგებლო აღმოჩნდა და მას არავინ უწევდა ანგარიშს, პირველ რიგში კი ის, ვინც "პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქემ" დაიქირავა. დაქირავებული, პირიქით, ყველას გვამადლიდა, რომ გვემსახურებოდა და თან 24 საათი. ისე, რაიმე განსხვავებას ხედავთ? ახლაც ასე არ გვამადლიან ჩვენზე ზრუნვის რუტინაში ჩაბმული ხელისუფალნი საკუთარ თავს? განსხვავება არც იმდროინდელ და არც ამჟამინდელ "პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეს" შორის არის. ახლა უფრო მძაფრად გვეუბნებიან, რომ მოსაკლავი იყო; რომ საცემი იყო; რომ "მას" "ეგრე მოუხდება" და რაც დათესა, იმას იმკის... ჰოდა, კითხვა "რატომ?" მგონი, უადგილოც არის. მინიმუმ იმიტომ რომ სანდრო, ბუტა, შალვა და მრავალი სხვა მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როდესაც ეს დროს, სიტუაციას, ვითარებას სჭირდება. ასე რომ არ იყოს, თავმოყვარე და ღირსების მქონე "პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეს" ვერავინ აკადრებს ვერც მოკვლას და ვერც "ცოცხს". მეტიც, რომ არა ირინა ენუქიძე და სანდრო გირგვლიანის "პოლიტიკურ-სიტუაციური" საჭიროება, მის შესახებაც არავინ გაიგებდა და ისიც ისევე შერჩებოდა "სახელმწიფოს", როგორც ბევრი სხვა და როგორც ახლა ცდილობს, შეირჩინოს თათუხაშვილი. ყველაზე მთავარი, მის შესახებაც ვერაფერს იგებენ "პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები", რომლებიც დღენიადაგ იმას ოცნებობენ, რომელიმე მაღალჩინოსანს ჩამოართვან ხელი მხოლოდ იმისთვის, რომ ხვალ თავად გახდნენ ჩინოსანნი.
მისთვის ჩვეული გონებამახვილობით იკითხა ამას წინათ გოგი გვახარიამ: "თუ გინდა, არ გაიყინო, არ გამოტვინდე, არ გახდე არაჰიგიენური, არ გამოავლინო ყველაფერი ცუდი, რასაც წლების მანძილზე ატარებდი... ხელისუფლებაში არ უნდა წახვიდე და მთავრობას (შესაძლებელია, ყველაზე კარგ მთავრობას) არ უნდა ემსახურო, მაგრამ ვინ იქნება მაშინ მთავრობა?"
მთავრობა მთავრობად, მაგრამ განა თბილი, ჭკვიანი, ჰიგიენური და წლების მანძილზე კარგი თვისებების მატარებელი მოქალაქის პასუხისმგებლობას ვავლენთ? ერთზე და ორზე, გნებავთ ასზე არაფერს ვამბობ. მაგრამ ვაი, რომ არა და მერე როდესაც "ჭირი" ჩვენს კარზე დააკაკუნებს, სოლიდარობას ვითხოვთ - გვიკვირს, როგორი უგულოა ირგვლივ ყველა.
დიახ, მე მოვკალი სანდრო და სხვები, იმიტომ რომ "პასუხისმგებლობის არმქონე მოქალაქე" ვარ. იმიტომ რომ არც ერთ თქვენგანზე უკეთესი არ ვარ და არც თქვენ მჯობიხართ არაფერით. არა, მე ვერ გაკადრებთ, რომ თქვენ მოკალით, არც იმას გაკადრებთ, გაგახსენოთ, მაშინ სად იყავით და ახლა სად ხართ. არც იმ საქციელს დაგიწუნებთ, რომ შალვა სიკვდილის ღირსად მიიჩნიეთ და წიკლაური - ცემის. ეს თქვენი არჩევანია - ეს თქვენი პასუხისმგებლობაა. მე მოვკალი სანდრო, ბუტა, შალვაც და თუ არ გინდათ, რომ კიდევ მოვკლა და თქვენც ამ მკვლელობის თანამონაწილე თუ არა, მაცქერალნი არ აღმოჩნდეთ, თქვენც არ აღმოგხდეთ, - უფალმა ყველას მოგაგოთ კუთვნილებისამებრ... თვალები მაინც ამოიფშვნიტეთ და იმას მაინც მიხვდით, რომ, თუ ვინმეს კლავენ - უპირველესად, თქვენი სახელით კლავენ და თქვენი გულგრილობის მსხვერპლებით გაივსო ქვეყანა.
ვაღიარებ: მე მოვკალი...
გოჩა მირცხულავა, გაზეთი „პრემიერი"