აჭარის მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი კვლავ დღის წესრიგშია. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების თემაზე უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა გუშინ დედაქალაქში პრემიერ მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. დეპუტატების განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილმა თანაგუნდელებს პრობლემის დროული მოგვარებისკენ მოუწოდა.
„მე მაქვს წონიანი არგუმენტები, რითაც მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება იქნება შესაძლებელი“ - აცხადებს ჩიტიშვილი. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მის მოთხოვნას კოლეგები მხარს დაუჭერენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი მზად არის კოალიციის შიდა პრობლემებზე საჯაროდ ისაუბროს.
იმპიჩმენტის საკითხის მხარდაჭერას აპირებს უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეც. ჯემალ ფუტკარაძე არჩილ ხაბაძის მიერ რეგიონში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს არ ეთანხმება.
გუშინ დედაქალაქში პრემიერთან გამართულ შეხვედრას დეპუტატი მედეა ვასაძეც ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ იგი ამბობს, რომ მთავრობის იმპიჩმენტის საკითხს თანამოაზრეებთან ერთად ბოლომდე მიიყვანს.
კოლეგებისაგან განსხვავებით, გუშინდელ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას უარყოფს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სვეტლანა კუდბა. იგი სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ რეგიონში ჩატარებული არჩევნების თემით დაინტერესდა.
საკითხზე საუბარი დღეს აჭარის მთავრობაში არ ისურვეს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ მთავრობის თავმჯდომარე კომენტარს ალექსანდრე ჩიტიშვილის მიერ დაანონსებული არგუმენტების გასაჯაროვების შემდეგ გააკეთებს.