Express News

“მალე დავასახელებთ იმ მინისტრებს, რომლებიც ნაციონალებთან ერთად ქეიფობენ”


 მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ამაზე ერის ნაწილი აღფრთოვანებულია, ნაწილიც აღშფოთებული. ქართველი ლეიბორისტები ნაპრეზიდენტალის პროკურატურაში დაბარებას იაფფასიან ტყუილად მიიჩნევენ. ლეიბორისტული პარტიის წევრი, მომღერალი გიორგი ჩიტაური ამტკიცებს, რომ ოცნება და ნაციონალები გარიგებული არიან. ის უახლოეს მომავალში იმ დეპუტატების და მინისტრების დასახელებასაც აპირებს, რომლებიც დღედაღამ ნაციონალებთან ერთად ქეიფობენ.
რატომ არის სასაცილო მარგველაშვილისა და ივანიშვილის დაპირისპირება, რა დაკვეთა ექნება ივანიშვილს, რამდენი ათასი ადამიანი დარჩება უმუშევარი ამ თემებზე გიორგი ჩიტაური `ახალ თაობას~ ესაუბრება. 
გიორგი ჩიტაური:
_ საქართველოში ვინმეს სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლა დაიბარეს დაკითხვაზე? მაგის პასუხისგებაში მიცემა რომ სდომებოდათ, საქართველოდან არ გაუშვებდნენ. ეგენი არიან შეთანხმებულები და შეთანხმებულად მოქმედებენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შალვა ნათელაშვილმა და მეც იმავეს გავიმეორებ. ექსპრეზიდენტის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარება არის მილიარდების ქურდ ივანიშვილისგან ჩვენი ხალხის მორიგი ურცხვი მოტყუება და სულში ჩაფურთხება. ივანიშვილმა სააკაშვილს საშუალება მისცა საპრეზიდენტო ვადა მშვიდად ჩაეთავებინა, მის იმპიჩმენტზე უარი განაცხადა, მისი პარტია მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოაცხადა, მითვისებული მილიარდები აპატია, საზღვარგარეთ ზარ-ზეიმით გაუშვა და ახლა გვატყუებს, რომ თითქოს პროკურატურაში დაიბარებს და დაკითხავს. ეს ისეთივე ბლეფია, როგორც ივანიშვილის და მარგველაშვილის დაპირისპირება.
_ რატომ არ გჯერათ, რომ ეს დაპირისპირება მართლაც არსებობს?
_ ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს და როგორ დავიჯერო? დავიჯერო, დაგავიწყდათ, რა ხოტბა-დიდებას ასხამდა ყოფილი პრემიერი მარგველაშვილს. ივანიშვილმა თავისი მომხრეები აიძულა, რომ მათ მარგველაშვილისთვის დაეჭირათ მხარი. გადის რამდენიმე თვე და ეს კაცი გვეუბნება რომ მარგველაშვილთან რაღაც შენიშვნები აქვს. 
_ და რატომ არ შეიძლება, ივანიშვილს მარგველაშვილთან შენიშვნები ჰქონდეს?
_ რაზე უნდა ჰქონდეს შენიშვნები. ივანიშვილმა თავიდანვე იცოდა, რასაც წარმოადგენდა მარგველაშვილი. ახლა რაღაცაში დასჭირდათ და დაიწყო მისი გაკრიტიკება. ეს ყველაფერი სასაცილოა.
_ თქვენი პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მარგველაშვილი ახალი პარტიის გაკეთებას აპირებს. ამაზე რას ფიქრობთ, ესეც არ ადასტურებს მათ შორის არსებულ დაპირისპირებას?
_ ამ ქვეყანაში არაფერი აღარ არის გამორიცხული. აქ ყოველი მეორე ლამის პარტიას ქმნის და მარგველაშვილი რატომ იტყვის ამაზე უარს. თუ ასეთი რამე მოხდა ჩათვალეთ, რომ ის ივანიშვილის დაკვეთით გაკეთდება.
_ ივანიშვილს ხომ უკვე აქვს `ქართული ოცნება~.
_ მერე რა, არც სხვა პარტია აწყენს. ამ პარტიამ ფაქტია, რომ დაპირებები ვერ შესრულა. ხალხის მოსატყუებლად ახლა ეტყობა ახალი პარტიის შექმნა გადაწყვიტეს. ასი პარტიაც რომ შექმნან მაინც არ დავიჯერებ, რომ მათ შორის დაპირისპირებაა. ისევე, როგორც არ მჯერა ნაციონალებისა და მეოცნებეების დაპირისპირების ამბავი. სხვა თუ არაფერი, ბიძინა უკვე 20 წელია ქვეყანას მართავს. დაპირისპირება რომ ყოფილიყო, ამდენი ხანი მაგას ვინ აიტანდა. 
_ 20 წელი რანაირად მართავს?
_ ის ქვეყნის დე ფაქტო მმართველია 1993 წლიდან. 
_ ეს რაღაც ახალია. 
_ ახალი რატომ არის. რა, არ იცოდით, რომ შევარდნაძესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა? შევარდნაძე დღემდე მაგის ქებაშია. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანასაც მაგან შეუწყო ხელი. წლების მანძილზე უხვად აფინანსებდა. მაგის დაფინანსებულმა რეჟიმმა კი საქართველოს ათასი უბედურება მოუტანა. 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაც მაგის მიერ იყო დაფინანსებული. ათას უბედურებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ეს ყველაფერი არ იკმარა და ახლა ცდილობს, ხალხს სამუშაო და ლუკმა-პური წაართვას.
_ რაზე საუბრობთ?
_ ცდილობს, ყველაფერს დაეპატრონოს. თბილისის ერთ გასასვლელში `კარფური~ აქვს გაკეთებული. მაგაზე ათჯერ დიდ ობიექტს აშენებს თბილისის მეორე გამოსასვლელში. ამით ის საქართველოში ბიზნესს კლავს. ამ უზარმაზარ `კარფურებს~ პატარა მაღაზიები კონკურენციას ვეღარ უწევენ. მეპატრონეები იძულებული არიან, დახურონ თავიანთი მაღაზიები. მომავალში პატარა მაღაზიები საერთოდ გაქრებიან. ლილოს ბაზრობასაც სერიოზული საფრთხე ემუქრება. ათასობით ადამიანია აქ დასაქმებული. ეს ხალხი ულუკმაპუროდ დარჩება. ამაზე პოლიტიკურმა სპექტრმა ხმა უნდა აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ათასობით ადამიანი ლუკმა-პურის გარეშე დარჩება. აქედან გამომდინარე, კონცერტს ჰგავს მაგათი კინკლაობა. ამ კაცს ახლა სურს, პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს. მაგიტომაც აირჩია მარგველაშვილი, ცდილობს, გალანძღოს და ხალხის რისხვაც მისკენ მიმართოს. ივანიშვილს სხვისი ლანძღვის გარეშე არ შეუძლია. ეგ კაცი პოლიტიკაში ჩვენი ლანძღვით მოვიდა.
_ თქვენი ლანძღვით არ მოსულა, ის ნაციონალებს დაუპირისპირდა.
_ ნაციონალებზე მეტად ჩვენ გვლანძღავდა. გამოჩნდა თუ არა, იმის მტკიცება დაიწყო, ლეიბორისტები ნაციონალებთან თანამშრომლობენო. ამას ის კაცი გვაბრალებდა, რომელიც თავად აფინანსებდა რეჟიმს. მაგათი დაპირისპირება როგორ დავიჯერო როცა ფაქტები ჩემი თვალით მაქვს ნანახი.
_ რა ფაქტებზე საუბრობთ?
_ ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ დადიან მინისტრები ნაციონალ დეპუტატებთან ერთად საქეიფოდ. ისე ხო ერთად არიან და ერთმანეთის გარეშე პურსაც კი არ ჭამენ.
_ ერთად პურის ჭამა არაფერს ნიშნავს?
_ როგორ არ ნიშნავს? ერთხელ შეიძლება, ერთად მოხვდნენ შემთხვევით. მაგრამ ორჯერ, სამჯერ, ათჯერ? თან ერთ მაგიდასთან? ტელევიზორში გამოდიან და ერთმანეთს ლანძღავენ. ამის მერე ამათ დაპირისპირებას, ბუნებრივია, არ დავიჯერებ.
_ იქნებ მათი ვინაობაც დაასახელოთ.
_ აუცილებლად დავასახელებ. ოღონდ ჯერ არა.
_ აბა, როდის?
_ არჩევნების წინ დავასახელებ. ხალხმა უნდა იცოდეს ვის აძლევს ხმას. სხვათა შორის ოცნების დეპუტატებიც არ აკლებენ ნაციონალებთან ქეიფს. მაგათ ვინაობასაც დავასახელებთ. ხალხმა თავადაც უნდა მოიძიოს და გაიკითხოს რას აკეთებენ მაგათი რჩეულები. თუ უნდათ რომ ქვეყანა გადარჩეს ხმა უნდა ამოიღონ. ხოლო თუ მინისტრების და დეპუტატების კეთილდღეობა ადარდებთ, მაშინ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.
_ თქვენი პარტია რას აკეთებს ხალხის კეთილდღეობისთვის?
_ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეიძლება და რაც არ შეიძლება. ხელისუფლებაში ერთხელ მაინც რომ ვყოფილიყავით, ნახავდით, რასაც გავაკეთებდით. მაგრამ იქ არავინ არ გვიშვებს. ყველაფერს ეგენი დაეპატრონნენ. ოპოზიციასაც კი საკუთარი გემოვნებით არჩევენ. ასე რომ არ ყოფილიყო არჩევნებზე ნაციონალები მეორე ადგილზე როგორ გავიდნენ, ან ნინო ბურჯანაძემ როგორ დაიკავა მესამე ადგილი? სინამდვილეში არჩევნები გააყალბეს და ადგილები გადაინაწილეს. ამით ყველა კმაყოფილი დარჩა ლეიბორისტების გარდა. ახლაც იგივეს აპირებენ. მოიგონეს რაღაც დაპირისპირება და ამით ცდილობენ ხალხის მოტყუებას. ახლავე თუ არ გამოვფხიზლდით, გეუბნებით სააკაშვილი მოგვენატრება. ამ ვითომ დაპირისპირებით ბიძინა ივანიშვილი ძალიან სახიფათო ნაბიჯებს დგამს.
_ ზემოთ თქვით, სასაცილოა ეს დაპირისპირება, ახლა სახიფათოაო...
_ სახიფათო იმით არის, რომ ივანიშვილი მატყუარა აღმოჩნდა და რა გარანტია გვაქვს, სხვა რამეშიც არ მოგვატყუებს. ჯერ გაიქცა პოლიტიკიდან, მერე არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა და ახლა იქიდან არ გვანებებს თავს. კაცმა არ იცის, რას ემსახურება მაგის `მოქალაქე~. ამ ყველაფრის ფონზე საზოგადოების სიმშვიდე ძალიან სახიფათოდ მეჩვენება. ხმა ამოიღეთ. თორემ სააკაშვილი მოგენატრებათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ამათ ვეღარ გაიმარჯვონ. ნაციონალებს და მეოცნებეებს არჩევნების გასაყალბებლად ყველაფერი მზად აქვს. მაგრამ არ გამოუვათ. არ გამოუვათ იმიტომ, რომ ამას ჩვენ არ დავუშვებთ.
_ როგორ შეეწინააღმდეგებით ამას?
_ არასამთავრობოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური კონსულტაციები გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ხელისუფლებას კი ვურჩევთ, ხელი აიღოს გაყალბებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში _ ინანებს.
_ ვთქვათ და გაყალბდა არჩევნები, რას მოიმოქმედებთ?
_ ამის შესახებ ჯერ საერთაშორისო თანამეგობრობას ვაცნობებთ, მერე კი აქციებს დავიწყებთ. აღშფოთებული და მოტყუებული ხალხი ჩვენს მხარს დადგება. ხალხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ოცნების ბურუსშია გახვეული და ვერ ხვდება, რა ხდება სინამდვილეში. პირველ რიგში ეს ხალხი უნდა გამოვაფხიზლოთ. ამ მიზნით 1 აპრილს თიანეთში ერთ კარგ აქციას მოვაწყობთ. რაიონის მაჟორიტარისგან მოვითხოვთ, გვითხრას, რა გააკეთა ამ პერიოდში. ივანიშვილის ხათრი რომ არა, მაგას კაციშვილი არ მისცემდა ხმას. მესმის რომ ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ ის მაინც მოითხოვოს, რომ სოფლების გამრიცხველიანება მოხდეს. ხალხის გულის მოსაგებად მაინც თქვას რამე თავისი რაიონის პრობლემებზე. გაგვაგებინოს, რა ბედი ეწია დაპირებულ მთის კანონს. ეს კანონი თუ არ მიიღეს ჩათვალეთ, რომ საქართველო მთიანი რეგიონების გარეშე დარჩება. `ახალ თაობასთან~ საუბარში ადრეც არაერთხელ ვთქვი, რომ მთის რეგიონებში უკიდურესად რთული ვითარებაა. იქაურობა სულ დაცლილია. ეს კი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის. მთიანი რეგიონების უმეტესი ნაწილი საქართველოს საზღვართან მდებარეობს. სასაზღვრო რეგიონების დაცლა კი ძალიან ცუდია. არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენს მეზობლებს ჩვენთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ. რამდენიმე რუსი მეცნიერი იმასაც ამტკიცებს, რომ საქართველო თურმე მთიანი რუსეთია. ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება. აშკარაა რომ რაღაც აქვთ ჩაფიქრებული. ეს რეგიონები თუ დაიცალა, ჩათვალეთ, რომ რუსეთი თავის ჩანაფიქრს უფრო იოლად განახორციელებს. ეს ხელისუფლება რომ მაგათი შემჩერებელი არ არის, ამაში ათასჯერ მაინც დავრწმუნდით. აგერ შუაგულ ქართლში მავთულხლართებს გვივლებენ და ამაზე ხმასაც კი არავინ იღებს. საქმე ახალი ტერიტორიების დაკარგვამდე რომ არ მივიდეს, ხალხმაც უნდა ამოიღოს ხმა. მესმის, რომ ახლა ყველანი სააკაშვილის დაკითხვის მოლოდინში ხართ, მაგრამ სულ ტყუილად. მაგას არავინ დაკითხავს და ამ ცრუ რაღაცებს ქვეყანას ნუ გადავაყოლებთ და იმასაც ნუ დაიჯერებთ, რომ ეს ხელისუფლება სამართლიანობას აღადგენს. სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ.

http://labour.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT