ნეპოტიზმი ზუგდიდის მერიაში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს თავმჯდომარის ცოლი ნანა თოდუა ზუგდიდის მერიაში ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას ცოლის ნათლულის დედა და მეგობარი მანანა (ლული) ქიქავა კი მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ტურიზმის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე.
მერიაში მთავარი სპეციელისტების მოვალეობის შემსრულებლებად ნანა თოდუას და მანანა ქიქავას დანიშვნას ადასტურებს ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციის უფროსი იდა ქვარაია. მისი განმარტებით, თოდუას და ქიქავას გარდა, მერიაში სხვა პირებიც დაინიშნენ, მაგრამ არცერთი მათგანის დანიშვნა ნათესაური ნიშნით არ მომხდარა.
თავად იდა ქვარაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თემის გამგეობის ინფრატრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსის თენგიზ ქობალიას ცოლია. იდა ქვარაიაც ამ თანამდებობაზე თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. იგი მანამდე „თიბისი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მუშაობდა.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე ზუგდიდის მერს თანამდებობებზე საჯარო მოხელეთა პოლიტიკური და ნათესაური ნიშნით დანიშვნაში ადანაშაულებს. წითლიძის მტკიცებით თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ყველაზე მეტად ნეპოტიზმი სწორედ ზუგდიდის მერიაში შეინიშნება.
„ნათესაური და პარტიული სიით განსაკუთრებით დანიშვნები ზუგდიდის მერიაში ჭარბობს. მერიაში ინიშნება ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას სანათესაო, სამეგობრო, ცოლის სადაქალო და პარტიული აქტივი. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებულთა 55 პროცენტი იყო პარტიული ნიშნით დანიშნული, ამჟამად ეს ციფრი „ოცნების“ რეალობაში არის 90%“, - აცხადებს ანა წითლიძე, რომელიც ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და დასძენს, რომ ნეპოტიზმი და პარტიული ნიშნით დანიშვნები ზუგდიდის საკრებულოშიც შეინიშნება.
ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია კომენტარს არ აკეთეს. გოგოხიას ნაცვლად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას დღეს მერის პრესსამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ უპასუხა: „ირაკლი გოგოხია ადასტურებს, რომ ეს ორი პიროვნება ნამდვილად დაინიშნა ამ თანამდებობაზე და აცხადებს, რომ მათთან ნათესაური კავშირი არ აქვს. აქვე აღვნიშნავ, რომ თანამდებობებზე მოცემული და სხვა კანდიდატები სამთვიანი ვადით არიან დანიშნული. სამი თვის გასვლის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი და ყველა თანამშრომელი კონკურსის წესით შეირჩევა“, - აცხადებს მაია ღუბელაძე.
„ლაივპრესი“ ზუგდიდის თემის საკრებულოს თავმჯდომარეს ლაშა გოგიას დაუკავშირდა, რომლის ცოლიც მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის განყოფილების მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. გოგია აცხადებს, რომ სამსახურებზე დანიშვნები ნათესაური და პოლიტიკური ნიშნით არ ხდება და მისი მეუღლე, იგივე თანამდებობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წელიწად-ნახევარზე მეტი მუშაობდა, სამსახურების გაყოფის შემდეგ კი მერიაში გადაიყვანეს. ლაშა გოგია საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად არის პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ბიუროს წევრი, მანამდე კი „ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით ზუგდიდის საკრებულოში გავიდა 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 2007 წლამდე მუშაობდა, შემდეგ კი თანამდებობა დატოვა.
ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ნეპოტიზმი და პარტიული ნიშნით საჯარო მოხელეთა შერჩევა „წარსულს ჩაბარდა“, მაგრამ ოპოზიცია - „ნაციონალური მოძრაობის“ სახით პირიქით ამტკიცებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ საჯარო მოხელეთა უმრავლესობა თანამდებობებზე პარტიული ნიშნით შეარჩია.
ivepress.ge